ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალი ციფრული პლატფორმა Drop Voyage გამოჩნდა, რომელიც, ერთი მხრივ, მოგზაურობის მსურველებს ტურის დაგეგმვის მომსახურების სრულ სპექტრს, მეორე მხრივ კი, ემიგრანტებს შემოსავლის მიღების საშუალებას შესთავაზებს.
ახალ პლატფორმაზე BMG-ის "ბიზნესის კვირეულის" ეთერში გიორგი ციქუბაძემ ისაუბრა, რომელსაც ქართველი მოგზაურები Giorgi Parris-ის სახელით იცნობენ - ბრენდით, რომელიც ტურისტებს საფრანგეთში ვიზიტისას აუცილებელი სერვისების სრულ მომსახურებას სთავაზობს.
ციქუბაძე BMG-სთან განმარტავს, რომ ახალი წამოწყება არა მხოლოდ ინოვაციაა ქართული ბაზრისთვის, არამედ ის ემიგრანტებისთვის შემოსავლის ახალი წყაროც გახდება.
"Drop Voyage არ არის მხოლოდ ბიზნესი ან პლატფორმა, ჩემთვის ეს არის საკმაოდ დიდი მიზანი. რაც დაიბადა იქიდან, რომ, ერთი მხრივ, თამამად ვიტყვი, არ არსებობდა ამ პლატფორმის ანალოგი არა თუ, არამედ არც კავკასიაში და არც ევროპაში, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება ყველა ის სექტორი, სერვისი და მომსახურება, რასაც ტურიზმი ეხება. და ამავდროულად, მოგეხსენებათ, ემიგრაციაში ძალიან რთულია სამსახურის შოვნა, ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და გაქვს მოლოდინი, რომ დაიწყებ ეგრევე მუშაობას, მაგრამ ასეთი მარტივი არ არის. ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი იყო, რომ მიმეცა შესაძლებლობა ქართველი მცირე მეწარმეებისათვის, ვინც არის გიდი, ან აქვს საცხოვრებელი, რომელსაც აქირავებს, ან ჰყავს ტრანსპორტი და შეუძლია, მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიოს ტურისტს და, შესაძლოა ენას კარგად ვერ ფლობდეს, რომ ამის საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს ვერ გაუწიოს ეს სერვისი, მივცე საშუალება, რომ ქართველ თანამემამულეს უშუალოდ შესთავაზოს თავის მაღალი ხარისხის მომსახურება.
შესაბამისად, პლატფორმა არ ითვალისწინებს მხოლოდ მომხმარებლის ტურიზმის მხარეს, რომ მათი კომფორტი იყოს უზრუნველყოფილი. ერთი მხარე არის ეს, რომ შევთავაზოთ ყველაფერი ერთ სივრცეში, იყოს კომფორტული, მაგრამ გვაქვს მეორე მხარე, სადაც უშუალოდ ემიგრანტებს, და მოგეხსენებათ, არც ისე ცოტა გვყავს სამწუხაროდ, შევთავაზო ის პლატფორმა, რომელიც მისცემთ თავიანთი მცირე ბიზნესის ფუნქციონირების საშუალებას. ამავდროულად შეიქმნება ჯანსაღი ტურისტული გარემო საქართველოში, სადაც ტურისტულ სააგენტოებს შეეძლებათ, აღნიშნულ პლატფორმაზე თავისი პროდუქტის წარდგენით და სწორი შეფასების საფუძველზე, ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, რაც აქამდე არ არსებობდა", - განმარტავს Drop Voyage-ის დამფუძნებელი.
გიორგი ციქუბაძე "ბიზნესის კვირეულის" ეთერში ახალი პლატფორმის ფუნქციონალზეც ყვება. როგორც ის აღნიშნავს, სხვა მომსახურებასთან ერთად, Drop Voyage მომხმარებელს სამომავლო ტურებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაუგენერირებს.
"ფაქტობრივად ერთი ფანჯრის პრინციპია, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი. ამავდროულად ეს არის გამჭვირვალე, მარტივი, სწრაფი და საიმედო, სადაც 24/7-ზე გაქვს კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია მიიღო ნებისმიერი პირდაპირი, დამატებითი უკუკავშირი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სისტემაში იქნება ჩაშენებული AI, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სწრაფ დროში თითოეულ მომხმარებელზე მორგებული ტური თუ მოგზაურობა დაიგეგმოს ავტომატურად. AI შეისწავლის მომხმარებლის ქცევას, რომელიც პირობითად არის, მაგალითად, მოდის კვირეულების მოყვარული, მილანში წავიდა, შემდეგ პარიზში, შემდეგ კიდევ რაღაც ჩვენებაზე, ამის შემდეგ სადაც იქნება უკვე სხვადასხვა ფასდაკლება ან შეთავაზება, ავტომატურად დააგენერირებს AI ტურს მომხმარებლის ხასიათიდან გამომდინარე", - ამბობს გიორგი ციქუბაძე.
Drop Voyage-ის დამფუძნებლის მიზანია, პლატფორმა მსოფლიო ასპარეზზე გავიდეს და, როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანა ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახადოს.
"მაქვს ამბიცია იმისა, რომ ერთი, შეცვალოს ბაზარი და შექმნას ახალი ციფრული პლატფორმა დღევანდელ რეალობაში, რომელიც საოფისე ოთახებს თუ იმ გართულებულ მოძრაობებს, რაც მოგზაურობისთვის სჭირდებათ ადამიანებს, შეცვლის და გადაიყვანს მთლიანად ციფრულად; და მეორეც, დიდი სურვილიც მაქვს და ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, რომ საქართველომ ამ პლატფორმით თქვას თავის სიტყვა მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე და მსოფლიოში წარმოვაჩინოთ საქართველო. ყოველთვის იმისთვის ვიბრძოდი, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში უფრო და უფრო მეტისთვის ყოფილიყო ცნობილი, მიმზიდველი და საინტერესო. და ამ აპლიკაციის იდეაც ზუსტად ეს არის", - ამბობს ციქუბაძე.




























