„მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეროვნულ ბანკს იმ შემხვედრი ნაბიჯისთვის, რაც დაყენებული იყო ასოციაციის მხრიდან“- საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ბიზნესის სახელით საქართველოს ეროვნულ ბანკს მადლობას გასულ კვირას ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების მხრიდან რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილების გამო უხდის.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 ნოემბერს კომერციულ ბანკებში ერთ წლამდე ვადით მოზიდული სავალუტო სახსრების სარეზერვო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე სარეზერვო განაკვეთი 25%-ს შეადგენდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ეს განაკვეთი დამატებით 5 პპ-ით შეამცირა.
ამასთანავე, სებ-მა შეცვალა გრაფიკი, რომელშიც ბანკებს კონტრციკლური ბუფერი 1%-იან დონეზე უნდა შეევსოთ. მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა რომ ერთწლიან პერიოდში ბანკებს ეს მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ, თუმცა ახალი გრაფიკით, სარეზერვო მოთხოვნის 1%-მდე შევსების ვადა 2027 წლის 15 მარტისთვის უნდა მოხდეს.
„ჩვენს ქვეყანაში ძალიან გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, რაც მსოფლიოში არსებობს და უბრალოდ ამის ბენეფიციარი იყო საქართველო. ძალიან დროული და გონივრული იყო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეულწილად მოხდება შემსუბუქება საპროცენტო განაკვეთების კუთხით, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქვეყანაში არის ძლიერი მაკროეკონომიკური ფონი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია და ამ მიმართულებით ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია. ასეთ დროს, რაც უფრო დაბალი იქნება საპროცენტო განაკვეთები, კომპანიები, ორგანიზაციები, ეკონომიკური სუბიექტები კიდევ უფრო აქტიურები იქნებიან, რაც პირდაპირპროპორციულ კავშირშია ეკონომიკის შემდგომ ზრდასთან“,-განაცხადა მედიასთან სოსო ფხაკაძემ.