მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაი ტურისტებს იღებს, ქალაქში კოვიდ შემთხვევათა რაოდენობა გაოთხმაგდა

601fa19653678
თათია კაკიაშვილი
08.02.21 09:30
3154

დუბაი ნორმალური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიური ქალაქი ევროპელი ტურისტების მოზიდვას ცდილობს, რომლებსაც ცივი ზამთრისთვის და მკაცრი ლოქდაუნებისთვის თავის დაღწევა სურთ. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დუბაის ამ სეზონზე ათობით ათასი ვიზიტორი ესტუმრა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მიუხედავად სიფრთხილის ზომებისა, ქალაქში კოვიდ დაინფიცირების შემთხვევებმა იმატა - ინფიცირების მაჩვენებელი ნოემბრის შემდეგ, თითქმის გაოთხმაგებულია.

დუბაიდან გავრცელებულმა „ზამთრის სამოთხის“ ფოტოებმა ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას მკაცრად უკრძალავენ საზღვრების დატოვებას, კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია. თავის მხრივ, საემიროების ხელისუფლება აცხადებს, რომ დუბაიში ტურისტების მიღებით, ქვეყანა ცდილობს, ააყვავოს ეკონომიკა, რომელსაც, პირველ რიგში, ხელს ტურიზმი უწყობს. ამასთან, ბოლოდროინდელი კრიტიკის გამო, ქვეყნის მაღალჩინოსნები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ Covid-19 სიფრთხილის ზომების დაცვა მოლოდინს შეესაბამება.

„ჩვენ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიას მივყვებით - პანდემიის პირობებშიც კი აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან საეჭვოა, რომ ვირუსისგან 100%-იანი დაცვა მოვახერხოთ. ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს, რომ მსოფლიოში მიღებული წესები დაიცვან და ისწავლონ დღეისათვის მოცემული ცხოვრების ეს ახალი რეგულაციები. ხალხი ამ მოწოდებას სწორად იღებს“, - განაცხადა ჰელალ საიდ ალ მარიმ, დუბაის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა.

საგულისხმოა, რომ გასულ თვეში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კოვიდ შემთხვევებმა 80,000-ით მოიმატა და დღეში დაინფიცირების 4000-ზე მეტი  შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ადგილობრივ საავადმყოფოებს დაძაბულობას უქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის პირველ დღეებში დუბაის ჩაკეტვა მსოფლიოში ერთერთი პირველი და ყველაზე მკაცრი მაგალითი იყო. ლოქდაუნის პერიოდში მცხოვრებლებს, ძირითადად, სახლიდან გასვლა არ შეეძლოთ, მოგვიანებით ეს შეზღუდვა შემსუბუქდა და დღეში მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში გახდა შესაძლებელი სახლის დატოვება, ისიც მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, საკვების შესაძენად ან აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები