დუბაის საერთაშორისო აეროპორტის დაუგეგმავი დახურვა ან რეისების გაუქმება საამიროს ეკონომიკას წუთში, დაახლოებით, $1 მილიონი უჯდება, 24 საათში კი შეფერხება, შესაძლოა, 1 მილიარდ დოლარზე მეტ დაკარგულ ეკონომიკურ აქტივობად ითარგმნოს - ამის შესახებ დუბაის ოფიციალური პირები საუბრობენ.
საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ ირანულმა რაკეტებმა ძირითადი საჰაერო დერეფნები გადაკვეთეს, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) და ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტი ფაქტობრივად დაიხურა, რამაც ავიაკომპანიებს აიძულა, გაეუქმებინათ ან მარშრუტი შეეცვალათ ასობით რეისისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საავიაციო ჰაბში.
2026 წლის 2 მარტის მონაცემები მძიმე სურათს გვიჩვენებს. Flightradar24-ის თანახმად, ამ დღეს დუბაის საერთაშორისო აეროპორტში სულ რაღაც 20 საავიაციო ოპერაცია დაფიქსირდა:
- 16 აფრენა
- 4 დაფრენა
შედარებისთვის, აეროპორტი, ჩვეულებრივ, დღეში ათასზე მეტ რეისს ემსახურება. მხოლოდ წინა კვირაში აეროპორტში სულ 5,654 ოპერაცია დაფიქსირდა, მათ შორის 2 830 აფრენა და 2 824 დაფრენა.
მასშტაბები უზარმაზარია. DXB 2025 წლის პირველ კვარტალში 23.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც დღეში დაახლოებით 260 000-დან 270 000-მდე მგზავრს უტოლდება. 2026 წლის 3 იანვარს კი აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის, 324 000 მგზავრი მიიღო ერთ დღეში. როდესაც ეს ნაკადი ჩერდება, მასთან ერთად იკლებს აეროპორტის მოსაკრებლები, Duty Free-ს გაყიდვები და კომერციული შემოსავლები.
ეპიცენტრში ავიაკომპანია Emirates დგას. კომპანიამ 2025-2026 წლებში 65.6 მილიარდი დირჰემის შემოსავალი დააფიქსირა. მაშინაც კი, თუ მგზავრთა ნაწილს ბილეთებს გადაუცვლიან და თანხას არ დაუბრუნებენ, მთავარი საავიაციო ჰაბის სრული დღით გაჩერება ამ დღიური ბრუნვის მნიშვნელოვან ნაწილს საფრთხის ქვეშ აყენებს. იგივე ვრცელდება flydubai-სა და 100-ზე მეტ უცხოურ ავიაკომპანიაზე, რომლებიც დუბაის კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ხიდად იყენებენ.
დუბაის ოფიციალური პირები აქამდეც საუბრობდნენ, რომ DXB-ის დაუგეგმავი დახურვა ყოველ წუთში დაახლოებით $1 მილიონი ჯდება, თუ გავითვალისწინებთ ჯაჭვურ ეფექტს ავიაკომპანიებზე, ტვირთებზე, ტურიზმსა და ადგილობრივ ბიზნესზე. თუ ამას განვიხილავთ როგორც ზოგად საზომს და არა ზუსტ მაჩვენებელს, 24-საათიანი შეჩერება შეიძლება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად, პოტენციურად კი $1 მილიარდზე მეტ დაკარგულ და შეფერხებულ ეკონომიკურ აქტივობად ითარგმნოს.
უფრო კონსერვატიული გათვლებიც კი დამაფიქრებელია. ინდუსტრიის სტანდარტების მიხედვით, დიდი ჰაბები თითო მგზავრზე საშუალოდ $40-70-ს გამოიმუშავებენ, აეროპორტის მოსაკრებლებისა და მოგზაურის მიერ ადგილზე დახარჯული თანხების სახით.
თუ ამას DXB-ის ჩვეულებრივ დღიურ ტრაფიკს მოვარგებთ, შეფერხების შემთხვევაში, ერთ დღეში აეროპორტისა და ტერმინალის $10-18 მილიონამდე შემოსავალი ქრება. ამას დამატებული Emirates-ის ზარალი, რაც დღეში $100 მილიონს აღწევს, პლუს ტრანზიტულ მგზავრებზე გათვლილი სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა და რესტორნების ნავაჭრი და, მხოლოდ ავიაციასთან დაკავშირებული ზარალი, თავისუფლად აღწევს რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს.
რატომ არის დუბაის აეროპორტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი:
- მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტი საერთაშორისო მგზავრებისთვის, წელიწადში თითქმის 100 მილიონი მგზავრით.
- აკავშირებს 260-ზე მეტ ქალაქს 100-ზე მეტ ქვეყანაში ერთი ჰაბის მეშვეობით.
- იდეალური მდებარეობა ევროპას, აზიასა და აფრიკას შორის, საუკეთესო ადგილი შორ მანძილზე ფრენებისას გადაჯდომისთვის.
- Emirates-ისა და flydubai-ს მთავარი ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ერთგაჩერებიან კავშირებს იმ მარშრუტებზე, სადაც პირდაპირი ფრენები არ არსებობს.
- კრიტიკული კარიბჭე ინდოეთი–ევროპა, ინდოეთი–აშშ და აზია–აფრიკის მიმოსვლისთვის.
- მთავარი სატვირთო და ლოგისტიკური კვანძი, რომელსაც მაღალი ღირებულების საქონელიც გადააქვს.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ავიაცია დუბაიში მეორეხარისხოვანი სექტორი არ არის. ის ხერხემალია. Emirates-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2023 წელს ავიაციამ ეკონომიკაში 137 მილიარდი დირჰემი (დაახლოებით $37 მილიარდი) შეიტანა, რაც დუბაის მშპ-ს 27%-ს უტოლდება და 630 000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. ტურიზმის დანახარჯების გათვალისწინებით, ეს რიცხვი დაახლოებით 180 მილიარდ დირჰემამდე იზრდება და თითქმის ყოველ მესამე სამუშაო ადგილს ითვალისწინებს. საცალო და საბითუმო ვაჭრობა, რომლის დიდი ნაწილი ვიზიტორების ნაკადზეა დამოკიდებული, მშპ-ს კიდევ მეოთხედს შეადგენს.
28 თებერვალს დაწყებულ ომზე ბაზრებმა რეაგირება უკვე დაიწყეს. დარტყმების შემდეგ, ყველაზე ცუდ დღეებში, დუბაის მთავარი საფონდო ინდექსი დაახლოებით 1-2%-ით დაეცა, რაც დაახლოებით $4-5 მილიარდის ეკვივალენტია, რადგან ინვესტორები ავიაკომპანიების, დეველოპერებისა და ბანკების შემოსავლებს თავიდან აფასებენ. ამ ეტაპზე ზარალის დიდი ნაწილი შეფერხებული განრიგებითა და დაძაბული ფინანსური ბალანსებით იზომება.




























