ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ინვესტორები სულ უფრო აქტიურად ეძებენ უსაფრთხო და სტაბილურ ალტერნატივებს- ამ საკითხზე საუბრისას "რეინვესტის" დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, რომ დუბაის ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც საქართველოსთვის შესაძლოა ახალ შესაძლებლობად იქცეს.
ბოლქვაძე ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების ფაქტორზე, რომელიც ინვესტორებისთვის პრიორიტეტთა სამეულში პირველ ადგილზეა და აღნიშნავს, რომ დღევანდელი გამოწვევა არა ეკონომიკური, არამედ სწორედ უსაფრთხოების ხასიათისაა.
"ფაქტია, რომ ინვესტორები, რომლებიც უძრავ ქონებაში დებენ თანხებს, ეძებენ სტაბილურ, უსაფრთხო ბაზარს და შედარებით პერსპექტიულ ბაზრებს, სადაც განვითარებადია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა... ორი ქალაქი რომ შევადაროთ ახლა, დუბაი და ბათუმი, ან თუნდაც თბილისი, ვხედავთ, რომ დუბაის უძრავი ქონების ბაზარი არის ბევრად სტაბილური, უკვე გამოცდილი და აქ ბევრი საერთაშორისო ინვესტორია, მათ შორის ევროკავშირიდან, აღმოსავლეთიდან: ინდოეთი, პაკისტანი - რუსეთიდანაც და ა.შ. ვინაიდან დუბაის ბაზარი გამოირჩევა სტაბილურობით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უფრო გასაოცარი პერსპექტივებით. თუმცა უკვე გვაქვს სურათი მარტის თვეში, რომ ინვესტორი დუბაის ბაზარზე რეინვესტირებისგან თავს იკავებს. მაგალითად, გასულ თვესთან შედარებით, ადრეული მონაცემებით, უკვე 48%-ს მიაღწია ტრანზაქციების რაოდენობის კლებამ. თითქმის განახევრებულია წინა თვესთან შედარებით.
რამ შეიძლება აიძულოს ინვესტორს ახალი ბაზრის ძებნა? რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხმა. დუბაი მილიარდერების და მილიონერების თავშეყრის ადგილად იქცა ბოლო წლებში განსაკუთრებით, თუმცა მათთვის პრიორიტეტი პირველ რიგში არის უსაფრთხოება, შემდეგ არის გადასახადები, რომელსაც ხშირად ვუსვამთ ხაზს, დუბაი ამით მოქნილია, და მესამე არის ინფრასტრუქტურა. ამ სამი პრიორიტეტიდან პირველი დაირღვა, სამწუხაროდ. უძრავი ქონების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არაერთი გამოწვევა ჰქონიათ მათ 2008 წლიდან დაწყებული, 2014, 2016 და 2020 წლის კრიზისები, თუმცა ჩემი ანალიზით, ეს კრიზისები იყო ეკონომიკური, გლობალური და არა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. ცხადია, თუ უახლოეს პერიოდში ეს პროცესი ჩაცხრა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დუბაიმ უკვე განახლებული სეზონიდან, უკვე სექტემბრიდან ძალები აღიდგინოს", - ამბობს ლევან ბოლქვაძე.
რეინვესტის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ რეგიონული დაძაბულობა საქართველოსთვის შესაძლებლობაა. 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მაგალითზე ის აღნიშნავს, რომ აშშ-ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, დაინტერესება გალფის ქვეყნებიდან უკვე მზარდია
"საქართველოსთვის ეს კარგი გამოწვევა არის. მეზობელ ქვეყნებში დაძაბულობა, ომიანობა, რაღაც კონტექსტში დადებით გავლენას ახდენს ქვეყანაზე. უნდა გავიხსენოთ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ეკონომიკაზე, მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზე და ამ ქვეყნებიდან გამოსროლილი ფინანსური სახსრები ჩვენი უძრავი ქონების ბაზარზე აკუმულირდა - ეს ფაქტები ძალიან კარგად გვახსოვს. ასევე გასული წლის მაისში იყო მსგავსი ფაქტი, ისრაელ-ირანის ომი, რომლის დასრულების შემდეგაც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ისრაელიდან შემოსული ინვესტიციების რაოდენობა გაორმაგდა. შესაბამისად მაქვს მოლოდინი, რომ გასული წლის მოვლენებიდან და დაანონსებული პროექტებიდან გამომდინარე - იგივე Eagle Hills-ის პროექტს მოვიშველიებ - ამ ქვეყნებიდან შესაძლოა გაიზარდოს დაინტერესება საქართველოზე", - ამბობს "რეინვესტის" დამფუძნებელი.
იმისთვის, რომ საქართველომ ეს შანსი გამოიყენოს, ბოლქვაძე აუცილებელ რეფორმებზე საუბრობს. მისი თქმით, ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად გადამწყვეტი იქნება "ესქრო" ანგარიშების დანერგვა და საბანკო პროდუქტების დახვეწა.
"ჩემი აზრით, ამისთვის უნდა მოვემზადოთ ქვეყანა და უძრავი ქონების ბაზარი, შესაბამისი პირობებით. მაგალითად, დეველოპერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ე.წ. ესქრო ანგარიშის შემოღება. დუბაისა და განვითარებულ ქვეყნებში დეველოპერებს ეს პრაქტიკა აქვთ. შემოსული თანხები აკუმულირდება შუალედურ ანგარიშზე, რომელსაც გარკვეულწილად სახელმწიფო "აკონტროლებს", რათა დეველოპერს ჰქონდეს ზუსტად იმ მოცულობის თანხის გამოყენების საშუალება, რომელიც მას მშენებლობისთვის სჭირდება. ამ კონტექსტში ინვესტორის უფლებები დაცულია, ის უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს", - ამბობს ლევან ბოლქვაძე.




























