დუბაის უმსხვილესი ბანკი Emirates NBD უცხოელი ინვესტორებისთვის ლიმიტს ზრდის- ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ევროპული გამოცემები ავრცელებენ.
არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად წესების გამარტივება აბუ-დაბის ბანკის მაგალითზე გადაწყვიტა, რომელმაც გამარტივებული მეთოდი ივლისიდან აამოქმედა და უცხოური ინვესტიციებიდან სერიოზული მოგებაც მიიღო.
ახალი რეგულაციით, დუბაის უმსხვილეს ბანკ, Emirates NBD-ში უცხოელ ინვესტორებს აქციების 20%- მდე შეძენის საშუალება ეძლევათ, აქამდე მაქსიმალური ზღვარი ხუთი პროცენტი იყო. სამომავლოდ კი, დუბაის ბანკი ლიმიტის 40%-მდე გაზრდასაც გეგმავს.
ახალი გადაწყვეტილება ფინანსურ ბაზარზე პოზიტიურად აისახა. აქციების ფასებმა თითქმის 15 პროცენტით მოიმატა. ხოლო, დუბაის საფონდო ბირჟის მთლიანმა მაჩვენებლებმა ოთხ პროცენტზე მეტი მოგება დააფიქსირა.
როგორც დუბაიში მიაჩნიათ, ეს ნაბიჯი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კაპიტალის შედინებას ხელს შეუწყობს.

























