„საქართველოში აშკარაა ეკონომიკური და სოციალური პროგრესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით ფიქსირდება, ვინაიდან სწორედ ეს სექტორია ახალი სამუშაო ადგილების წყარო“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისში ვიზიტად მყოფმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)გენერალური მდივნის მოადგილემ დუგლას ფრანცმა განუცხადა. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი დუგლას ფრანცმა უწყებათაშორისი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც დუგლას ფრანცმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება არა მარტო უზრუნველყოფს ამ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ეკონომიკურ სარგებელს, არამედ დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობაზე.
„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი პრიორიტეტები, რომლის შედეგადაც საქართველო რეგიონში შეასრულებს მოდელის ფუნქციას. მე აუცილებლად მოვახსენებ ორგანიზაციას, რომ საქართველო განვითარებაში ჩართული ქვეყანაა, ქვეყანა,რომელიც შეიძლება იქცეს განვითარების მოდელად სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“ - განაცხადა OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ დუგლას ფრანცმა.

























