მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუმილი ახლა არის შენი წილი „ლახვარის ჩარტყმა“ როგორც ქვეყნისთვის, ისე შვილების ევროპული მომავლისთვის - მალხაზ კუნელაური

საქმის კურსი

„ჩვენ არ ვიმყოფებით ჩვეულებრივ, ორდინალურ სიტუაციაში და დღეს ნებისმიერი მოქალაქის გადაწყვეტილება იქნება განმსაზღვრელი ჩვენი მომავალი თაობა შემდგომი 100 წლის განმავლობაში როგორ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას“, - ასე ეხმაურება კომპანია „ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური „ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ რუსულ კანონს.

მისი თქმით, ცხადი და ნათელია, რომ მმართველი პარტიის ინიციირებულ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან და ქვეყანას გადამწყვეტ მომენტში, როცა მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ევროპას აშორებს.

„მე ვსვამ კითხვას, როცა საუბრობენ, რომ კი ჩვენ გვინდა ევროპა, მე მაინტერესებს ის ევროპა, სადაც ჩვენ გვინდა გაწევრიანება, იმის ოფიციალური წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები, შარლ მიშელი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, გერმანიის კანცლერი და აშშ-ს სახდეპარტამენტი [გვაფრთხილებენ] და ამის საპირწონედ არცერთი სხვა დასავლელი პარტნიორი [არ არსებობს], რომელიც იმედს მოგვცემს, რომ არაუშავს, შეიძლება მიიღოთ [რუსული კანონი] და პარალელურად თქვენი ადგილი შეიძლება არსებობდეს ევროპაში, მაშინ ნებისმიერი ჩვენს ადგილას, მოქალაქის ადგილას როგორი ტიპის განცდებით იქნებოდა? არ გაუჩნდებოდა ამის მიმართ შიში? არ გაუჩნდებოდა ამის მიმართ კითხვები? თუ ასე მხოლოდ სიტყვას უნდა ენდო, როცა საქმით სხვა რამ ხდება?!

მივდივართ ოჯახში და ის ოჯახი გვეუბნება, რომ იქ არის სხვა თამაშის წესი. ნაცარს გვაყრიან თვალში? ეს ყველაფერი ჩემი აზრით არის წყლის ნაყვა და აქ მსჯელობა და არგუმენტების მოყვანა არის სისულელე. ყველაფერი არის ზედაპირზე“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური.

ის მოუწოდებს ყველას, ბიზნესს, წარმატებულ ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს, ვის აზრსაც ყოველთვის ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რომ ხმამაღლა ისაუბრონ რუსული კანონის მიღებით მოსალოდნელ საფრთხეებზე, რადგან დუმილი დანაშაულია .

„არა მხოლოდ ბიზნესის, ყველა წარმატებული ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში რაღაც დოვლათს ქმნის, რაღაც პოზიცია უკავია, ვის სიტყვასაც სხვა ადამიანები უსმენენ, მათ პოზიციას არამხოლოდ დღეს, ყოველთვის ჰქონდა განმსაზღვრელი მნიშვნელობა და დუმილი ამ შემთხვევაში არის ერთგვარი შენი წილი „ლახვარის ჩარტყმა“ როგორც შენი ქვეყნისთვის, ასევე შენი შვილების ევროპული მომავლისთვის. ამიტომ აქ არც დუმილი, არც შუალედური შელამაზებული სიტყვები არ არის საჭირო, ვფიქრობ, რომ მარტივია.

მე მაქვს ასეთი შეკითხვა, როცა ასეთი მოცემულობა გვაქვს, როცა წლის ბოლოს ველოდებით მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ეს ყველაფერი არ შეგვიშლის ხელს? ეს კანონი, რისთვის არის? რა საჭიროა? ქვეყანაში მოქმედებს არაერთი კანონი, რომელიც ნებისმიერი ორგანიზაციის ფინანსურ გამჭვირვალობას სრულყოფილად უზრუნველყოფს, ასევე არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომლებსაც გააჩნიათ ის უფლებამოსილება და ვალდებულიც არიან, რომ გამოიძიონ და აგენტების შესახებ ინფორმაცია მოიძიონ და ისინი გამოავლინონ და დასაჯონ. კითხვას ვსვამ, თუ თქვენ გამჭვირვალობაზე საუბრობთ, სათაურის წერა არ ვიცით? არ შეიძლება გამჭვირვალობას გამჭვირვალობა დავარქვათ? და არა უცხო ძალის აგენტი? ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ და ევროპული მომავლის საბოტაჟი.

ყველამ თავისი წილი საქართველო უნდა გადაარჩინოს. ვისაც როგორ გესმით. არ მგონია, არსებობდეს რომელი ადამიანი, რომ თავის ცნობიერებაში ვერ აღიქვამდეს, რა ხდება“, - აცხადებს კუნელაური.