ფრანგულმა კაფე-რესტორანმა “დუშეფმა” თბილისში, აბაშიძის 15 ნომერში რიგით მეორე ობიექტი გახსნა, ბრენდის სიახლეებზე “დუშეფის" დამფუძნებელმა ხათო ბაკურაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
“გავხსენით ახალი ფილიალი ვაკეში, სადაც საკმაოდ დიდი სივრცე ავითვისეთ, ობიექტის შიგნით განთავსებულია 9 მაგიდა, რომელიც 20-24 ადამიანს იტევს. ამასთან, გვაქვს ტერასაც, სადაც ამდენივე ადამიანი ეტევა. მომხმარებელს ვთავაზობთ კონცეფციაზე მორგებულ საუზმეს, ლანჩსა და ვახშამს, ფრანგული ასორტიმენტით", - ამბობს ხათო ბაკურაძე.
ამასთან, სიახლეებზე საუბრისას დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მომავალი კვირიდან “დუშეფი” "გუდვილის" ქსელებთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს.
“მომავალი კვირიდან ვიწყებთ გუდვილის ქსელებთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას, რომელთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობაა დაგეგმილი. გვექნება ერთობლივი ლოგო და სახელი, წარმოდგენილები ვიქნებით გუდვილის საბურთალოს და დიდი დიღმის ფილიალებში, სადაც მომხმარებელს ერთობლივ დესერტებს შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, აქაც პრემიუმ ხაზით ვიქნებით წარმოდგენილები", - დასძინა მან.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ხათო ბაკურაძე ამბობს, რომ ბრენდი საფრანგეთში გასვლაზე მუშაობს.
“გვაქვს გეგმები საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გვსურს, ჩვენი ბრენდი საფრანგეთში გავიტანოთ, რაზეც მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და საკითხი დოკუმენტაციის პროცესშია, ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ და ჯერჯერობით, დეტალებზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებთ, თუმცა მომხმარებელს ბევრ სიახლეს ვპირდებით”, - დასძინა მან.
ცნობისთვის: ფრანგული კაფე-რესტორანი “დუშეფი” ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს პრემიუმ კლასის ფრანგულ დესერტებსა და კერძებს სთავაზობს, ბრენდი ამჟამად 35-მდე ადამიანს ასაქმებს.