არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Project-ის დამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით გამოცხადებულ სამწლიან მორატორიუმს ნაწილობრივ პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, თუმცა მის აღსრულებასთან დაკავშირებით სერიოზულ რისკებს ხედავს.
როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ორგანიზაცია კანონის მომზადების პროცესში იყო ჩართული და თავიდანვე სრულ, ყველა ჯიშზე გავრცელებულ დროებით მორატორიუმს უჭერდა მხარს.
„მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ მაშინ, როდესაც ეს კანონი იქმნებოდა და პროცესში ჩართული ვიყავით, ჩვენ ვუჭერდით მხარს არა მხოლოდ კონკრეტულ ჯიშებზე, არამედ მთლიანად, ყველა ჯიშზე მორატორიუმის გამოცხადებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. პრობლემები ამ მიმართულებით იმდენად სერიოზული და ყოვლისმომცველია, რომ ყველაზე ეფექტიანი კონტროლი თავიდან მაინც გამრავლებაზე სრული მორატორიუმით იქნებოდა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიუსაფარი ძაღლების ზრდა პირდაპირ უკონტროლო გამრავლებას უკავშირდება : „უკონტროლო გამრავლება არის ამ ქვეყნის ძალიან სერიოზული პრობლემა. მიუსაფარი ცხოველები ქუჩაში სწორედ ამის შედეგად ხვდებიან. ისინი თვითონ არ ჩნდებიან ქუჩაში, არამედ ადამიანები ყრიან, აგდებენ, ხოლო გაუსტერილებელი ცხოველები შემდეგ ერთმანეთს ამრავლებენ და რაოდენობა იზრდება“, - აღნიშნა მან.
ჩიქოვანი ამბობს, რომ ქუჩაში პრაქტიკულად ყველა ჯიშის ძაღლი გვხვდება, მათ შორის დიდი ზომის „სარისკო“ ჯიშებიც. ის განსაკუთრებით პრობლემურად ასახელებს ჰასკებს, მალამუტებსა და ლაიკებს, ასევე მონადირე და დიდი ზომის ძაღლებს. მისი შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ აკრძალვის სიაში არ მოხვდა კავკასიური და ქართული ნაგაზი.
„კავკასიური ნაგაზი ძალიან ხშირად გვხვდება ქუჩაში და ამ ჯიშის უკონტროლო გამრავლება მასშტაბურია. მესმის, რატომ არ მოხვდა ის სიაში. ამას დიდი ნეგატიური ტალღა მოჰყვებოდა, თუმცა რეალობა ის არის, რომ ესეც სერიოზული პრობლემაა“, - ამბობს ის.
ჩიქოვანი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შეზღუდვები ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს და ეს „საქართველოში მოგონილი სტანდარტი“ არ არის. თუმცა, მისი თქმით, მთავარი გამოწვევა არა თავად იდეა, არამედ აღსრულებაა.
„საფრთხე აღსრულების ნაწილში იქმნება. ადამიანები, რომლებიც ვერ გაიგებენ ან არ გაითვალისწინებენ კანონს, შესაძლოა ლეკვები ქუჩაში აღმოჩნდეს, სანამ გაიგებენ, რომ 10 000 ლარის ჯარიმაა. ასევე, რისკია მომშენებლების საკითხიც, ვინაიდან თუ ვინმეს ეს საქმიანობა ბიზნესად აქვს ქცეული და სამი წლით ეუბნები, რომ გამრავლება უნდა შეწყვიტოს, რამდენად არ მოიშორებს უკვე "არამოგებიან" ცხოველს?“, - ამბობს ჩიქოვანი.
მისი შეფასებით, რეგისტრაციისა და მიკროჩიპირების პროგრამის სრულად ამოქმედებამდე მორატორიუმის გამოცხადება ნაადრევი იყო.
„2027 წლის 1 იანვრამდე მოსახლეობას აქვს დრო რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციისთვის. სანამ ეს სისტემა სრულად არ ამოქმედდება, აღსრულება რთული იქნება. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ჯერ რეგისტრაცია და მიკროჩიპირება შესულიყო ძალაში სრულად და შემდეგ გამოცხადებულიყო მორატორიუმი, რადგან იდენტიფიცირებული ცხოველის მიტოვება ბევრად რთულია“, - განმარტავს ის.
მისივე თქმით, დამატებით პრობლემას ქმნის ინფორმაციის არასაკმარისი გავრცელება : „ხალხმა არ იცის დეტალები, არ იცის ვადები. ინფორმაცია მკაფიოდ არ ვრცელდება. ასეთ პირობებში ცალკე წერტილოვანი რეგულაცია ეფექტიანი ვერ იქნება“, - ამბობს ჩიქოვანი.
მიუხედავად კრიტიკული შენიშვნებისა, ის აღნიშნავს, რომ ნაწილობრივი რეგულაციაც წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია : „იმ პირობებში, როცა წლების განმავლობაში არაფერი კეთდებოდა, ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება შიშის ფაქტორმა მაინც იმუშაოს და ადამიანებმა თავი შეიკავონ გამრავლებისგან. სრულყოფილი მექანიზმი არ არის, მაგრამ სრულ უმოქმედობას ჯობს“, - განაცხადა Animal Project-ის დამფუძნებელმა.
sniffntail-ის ინფორმაციით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს კონკრეტული ძაღლის ჯიშების აკრძალვა ან მკაცრი შეზღუდვები, რაც ძირითადად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით არის შემოღებული. მათ შორისაა დანია – სადაც აკრძალულია ძაღლის 13 ჯიში, მათ შორის Pit Bull Terrier, Tosa Inu, American Staffordshire Terrier, Dogo Argentino და სხვ. ამ ძაღლების ფლობა, გამრავლება და იმპორტი სრულად აკრძალულია; ნორვეგია – კრძალავს რამდენიმე „სარისკო“ ჯიშს; აკრძალულია მათი ფლობა და შემოყვანა. დიდი ბრიტანეთი – Dangerous Dogs Act-ის ფარგლებში აკრძალულია Pit Bull Terrier, Japanese Tosa, Dogo Argentino და Fila Brasileiro. გერმანია – რეგულაციები განსხვავდება ფედერალური მიწების მიხედვით; ზოგი ჯიშის ფლობა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნებართვით და ქცევითი ტესტის ჩაბარების შემდეგ. ავსტრალია – ეროვნული დონეზე აკრძალულია რამდენიმე ჯიში (მაგ. Dogo Argentino, Japanese Tosa); აკრძალულია იმპორტი და გამრავლება. ახალი ზელანდია – მოქმედებს მკაცრი კონტროლი კონკრეტულ ჯიშებზე; საჭიროა სპეციალური ნებართვები. საფრანგეთი – ძაღლები დაყოფილია „საშიშ“ კატეგორიებად; ნებადართულია ფლობა, მაგრამ სავალდებულოა ლიკაპი, სტერილიზაცია და ნებართვა. სინგაპური – სავალდებულოა ლიკაპი, დაზღვევა და სტერილიზაცია გარკვეული ჯიშებისთვის.


























