მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაცია გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ - სამინისტრო პროცედურებს განმარტავს

მიუსაფარი

მიუსაფარ ძაღლებს, რომლებიც, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 მარტს ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაიყვანეს, სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ, ზუგდიდშივე დააბრუნებენ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით, ის ცხოველები, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, დარჩენილი 29-დან 12 დღეს დაბრუნდება ტერიტორიაზე. დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის; ეს სავარაუდოდ მოხდება დღეს საღამოს ან ხვალ დილით", - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძაღლებს დააბრუნებენ ზუგდიდის ტერიტორიაზე და არა დაუსახლებელ ადგილებზე.

"გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები", - განაცხადა ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონქვემდებარე აქტებმა დააზუსტა, რომ მიკედლების გარდა, აღნიშნულ ტერიტორიებზე, და ამ ტერიტორიებს შორისაა აგრარული ბაზარიც, სურსათის უვნებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე, იკრძალება ძაღლების ყოლა. განკარგულებამ განსაზღვრა, რომ ასეთ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს ძაღლების დაბრუნებაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება. მისი თქმით, სამინისტრო მიუსაფარი ცხოველების რეგისტრაციისთვის უკვე მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ზაფხულიდან ჩაეშვება.

"ჩვენ 2012 წლიდან გვაქვს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა. პირველ ეტაპზე ფერმის ცხოველების რეგისტრაცია ხორციელდებოდა. სწორედ ამ პროგრამის მონაცემთა ბაზას უკვე ვიყენებთ რამდენიმე თვეა მიუსაფარი ცხოველების რეგისტრაციის შემთხვევაში. ის, რომ პროგრამა არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ვინაიდან კანონმდებლობამ განსაზღვრა კიდევ უფრო მეტი ფუნქციონალი, ბაზა იგივე რჩება, თუმცა ვმუშაობთ ახალ პროგრამაზე. ივნისიდან უნდა იყოს ეს პროგრამა მზად. პროგრამაში ჩართული უნდა იყვნენ კლინიკები, გრუმინგ ცენტრები, კერძო თავშესაფრები", - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები