იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი "ოცნების" მიერ გრანტების შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, რომელიც ადამიანების ფინანსურ კონტროლს და ამ გზით, კრიტიკული გამოხატვის ჩახშობას ემსახურება.
"ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, გრანტების რეგულაციაში შესაძლოა ემიგრანტების ჩარიცხვები და ბიზნეს სუბიექტებიც კი მოექცნენ.
"გრანტის მიმღებ სუბიექტებს პირდაპირ განსაზღვრავს გრანტების შესახებ კანონი დღევანდელი რედაქციით, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ეს ერთგვარ მინუსად დაინახეს კანონმდებლობის. პირდაპირ რომ ვთქვათ, თვითონ დეფინიციის გაფართოებაც და ის ჩანაწერიც, რომელიც არის დაკავშირებული იმასთან, რომ ნებისმიერი თანხა შეიძლება ფაქტობრივად გრანტად ჩაითვალოს, ნიშნავს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი სუბიექტი მიიღებს დაფინანსებას ან რა ფორმით, შესაძლებელია, რომ როგორც ფიზიკური პირი, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის სამეწარმეო იურიდიული პირიც ჩათვალონ გრანტის მიმღებად, თუ ამის საჭიროებას "ქართული ოცნება" დაინახავს.
ყველაზე მარტივით დაწყებული, რომ თუნდაც მაგალითად ემიგრანტი ოჯახის წევრმა რომ ჩაურიცხოს რომელიმე ოჯახის წევრს თანხა, ესეც შეიძლება გრანტად ჩაუთვალონ, თუ ამ ადამიანის პოლიტიკური აქტივობა არ მოეწონებათ. შეიძლება გრანტად ჩათვალონ მაგალითად სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში საზღვარგარეთიდან მიღებული თანხა. ამიტომ აქ უკვე "ქართული ოცნება" პირდაპირ ამბობს, რომ თუ შენ მიიღებ რაღაც თანხას საზღვარგარეთიდან და მე არ მომეწონება, თუ როგორ გამოიყენებ შენ ამ თანხას და რა აქტივობებს განახორციელებ პოლიტიკურ ასპარეზზე – ასეთ შემთხვევაში მე ამას ჩაგითვლი გრანტად და გავატარებ გრანტის რეგულაციებს, დაგჭირდება ჩემი თანხმობა, ჩემი თანხმობის გარეშე თანხას ვერ მიიღებ და თუ მიიღებ თანხას – ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისრება.
"ქართული ოცნება" ძალიან მარტივი პრინციპით მუშაობს, რომ ძალაუფლებას ინარჩუნებს ადამიანების მაქსიმალური კონტროლით. ადამიანების კონტროლი ყველაზე უკეთ შესაძლებელი არის მათი ფინანსური კონტროლით. თუ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი ფინანსები, არსებობს "ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებელი ფული – ესე იგი არსებობენ "ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებელი ადამიანებიც. ეს დამოუკიდებელი ფული ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, მოდიოდა საზღვარგარეთიდან და სხვადასხვა ფორმით შესაძლებელი იყო ამ საგრანტო დაფინანსების მიღება და ამის სრულად ამოძირკვა და აღმოფხვრა უნდათ. ეს დამოუკიდებელი ფული იყო იმ ბიზნესში, რომელიც პირდაპირ არ ემორჩილება მის პოლიტიკურ ნებას; და რა თქმა უნდა მის მიღმა უკვე ბიუჯეტის თანხა რა თქმა უნდა სრულად კონტროლირებადი არის "ქართული ოცნების" მხრიდან. ამიტომ ის თანხები, რომლებიც ვერ კონტროლდება "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ სურთ, რომ ეს თანხა მაქსიმალურად გააკონტროლონ, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ადამიანები გააკონტროლონ და უბრალოდ ამ ადამიანებს აღარ მოუნდეთ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა, აღარ გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში, აღარ დააფიქსირონ კრიტიკული პოზიციები და უბრალოდ შეწყვიტონ მათი კრიტიკული საქმიანობა. აი ეს არის მთლიანობაში საბოლოო მიზანი – ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მაქსიმალური კონტროლი და კონტროლი ფულის მეშვეობით",- ამბობს იურისტი.




























