მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან ბევრმა დეველოპერმა პროექტი სწორედ იმის გამო შეცვალა, რომ მერიამ საღი ხეების მოჭრის ნებართვა არ გასცა"

57b7f46f50e99
BM.GE
20.08.16 10:10
1423
მერიის შენობასთან პარტიზანი მებაღეების შიმშილობა უკვე მესამე დღეა გრძელდება. ყაზბეგის 22 ნომერში მშენებარე ხეების მოჭრის გამო გარემოს დამცველები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების ხელმძღვანელის გადაყენებას მოითხოვენ, - თემაზე “საქმიან დილასთან“ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი საუბრობს.

-ქალბატონო ნინო ამ საქმეში ვისი მხრიდან და რა სახის დანაშაული იკვეთება?

- უკანასკნელ პერიოდში მერიას საღი ხის მოჭრაზე არც ერთი ნებართვა არ გაუცია თუ ეს ქალაქისთვის აუცილებელი პირობით არ იყო გამოწვეული. ასეთი აუცილებლობა შესაძლოა იყოს გზის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მეტროსადგურის მშენებლობა და ა.შ. კერძო ნაკვეთებს რაც შეეხება, რომელზეც მრავალწლიანი ნარგავებია და იქ სხვადასხვა სახის დეველოპერული პროექტების განხორციელება იგეგმება, ჩვენ მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები გვაქვს და ძალიან ბევრმა დეველოპერმა პროექტი სწორედ იმის გამო შეცვალა, რომ მერიამ მათსავე ტერიტორიაზე საღი ხეების მოჭრის ნებართვა არ გასცა.

-ამ შემთხვევაში კომპანია “ფორესტის“ დანაშაულზეა საუბარი, რომელმაც დასკვნა დადო, რის საფუძველზეც უკვე სამშენებლო კომპანიამ იმოქმედა...

-წინასწარ ამის თქმა რთულია და სწორედ ამიტომ მერიის ინიციატივით, ყველანაირი საბუთი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას გადაეცა და დამატებითი მოკვლევის შემდეგ, ზუსტი პასუხები გვექნება. ჩვენ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ნებართვა მხოლოდ გამხმარ, დაავადებულ და ამორტიზებულ ხეებზე გაიცა. ამ ტერიტორიაზე სულ 68 ხეა. საერთოდ ასე ხდება, როდესაც მერიაში განაცხადი შემოდის ხეების მოჭრის თაობაზე აუცილებლად უნდა გქონდეს საექსპერტო დასკვნა, რომელიც ხეების მდგომარეობას აღწერს.

-დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული ხეების გადამოწმების ვალდებულება თუ აქვს თქვენს სამსახურს?

-სამწუხაროდ ვალდებულება არ აქვს, თუმცა ჩვენ შერჩევით ვახორციელებთ გადამოწმებას. ეს კომპანია ადრეც ახორციელებდა მსგავსი სახის სამუშაოებს და გადაგვიმოწმებია კიდეც. ეს დასკვნა ასევე ხე-მცენარეების აღრიცხვის უწყისს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ხეზეა ინფორმაცია მისი ასაკის, სახეობისა და მდგომარეობის შესახებ.

-რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ ვალდებულება დაარღვია?

- განმცხადებელმა ხეების მოჭრის დაწყების შესახებ აუცილებლად ზედამხედველობის სამსახურს უნდა აცნობოს, რომელიც ადგილზე მივა და გადაამოწმებს თუ რამდენად სწორად ხდება ხეების მოჭრა. ასეთ შემთხვევებში, ზედამხედველობის სამსახური, რა თქმა უნდა, აფიქსირებს თუ ეჭვი არსებობს, რომ საღი ხეები მოიჭრა.

- რა მდგომარეობაა ამ კუთხით კანონმდებლობის მხრივ?

- კანონმდებლობა შესაცვლელია და ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენს სამსახურთან საკონსულტაციო ჯგუფია შექმნილი, რომელთან ერთადაც ზუსტად ამ კანონის დახვეწაზე ვმუშაობთ და თბილისის მერი შემოდგომაზე ამ საკანონმდებლო ინიციატივებით პარლამენტს მიმართავს. აქ საუბარია ძირითადად ადმინისტრაციული პროცესების დახვეწაზე. ხეების მოჭრის ნებართვა კომისიური ხასიათის უნდა გახდეს და ასევე არ გამოვრიცხავთ იმას, რომ მერიამ საბუთად მხოლოდ ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ გაცემული დასკვნა მიიღოს ხეების მდგომარეობის შესახებ.

ჩვენ უკვე შევხვდით აქციის მონაწილეებს და შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ნებართვა აბსოლუტურად კანონის დაცვით გაიცა მხოლოდ დაავადებულ და ამორტიზებულ ხეებზე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ იქ საღი ხეები მოიჭრა ამას უკვე მოკვლევა დაადგენს. გადადგომასთან დაკავშირებით კი ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მერი იღებს. არც ჩემი და არც ჩემი მოადგილის გადადგომა პრობლემა ნამდვილად არ არის. მთავარია სიმართლე გავიგოთ ზუსტად რა იყო, რატომ, რა რაოდენობის და რა სახეობების ხეები მოიჭრა არაკანონიერად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები