მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ძალიან დიდი რისკი იყო” - როგორ იქცა "CBS ჯგუფი" მსხვილ ბიზნესჰოლდინგად

GAXARIA
06.02.24 20:00
210
სტატიაში საუბარია:

CBS ჯგუფი ქართული, მსხვილი ბიზნესჰოლდინგია, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან აქტივებს აერთიანებს, როგორებიცაა "თელასი", "თბილისი ენერჯი", "სელფი მობაილი", "საქართველოს ეროვნული ლატარია", "თბილისის მიკროავტობუსი" და ა.შ.

CBS ჯგუფის მიერ წლების განმავლობაში დადებულ ყველა გარიგებას, თამარ გახარია, კომპანიის ფინანსური დირექტორი, ხელმძღვანელობდა - მათ შორის საქართველოში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გარიგებასაც ‒ როცა “სელფი მობაილი” CBS ჯგუფმა შეიძინა. „სელფი მობაილმა“ ახლახან დაასრულა თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. ეს იყო პირველი ამ ტიპის ტრანზაქცია და კომპანიის სადებიუტო განთავსება კაპიტალის ბაზარზე.

თამარ გახარიასა და CBS ჯგუფის ისტორია ერთ დღეს იწყება - მაშინ, როდესაც თამარმა კომფორტის ზონა გაარღვია და სტაბილური სამსახური დატოვა კომპანიისთვის, რომლისაც მხოლოდ ამონაწერი თუ არსებობდა.

“არც თანამშრომლები იყვნენ, არც რაიმე კონკრეტული აქტივი იყო ‒ არაფერი, გარდა გაფანტული აქციებისა, რომელსაც ფლობდა კონკრეტული დამფუძნებელი და არსებობდა მისია ‒ ეს ყველაფერი უნდა შეგვეკრიბა, დაგვევარცხნა და გაგვეზარდა.

გადავწყვიტე, ახალშობილი გამეზარდა. ეს მიზანიც ჩემს შინაგან სამყაროს ელაპარაკებოდა. ძალიან დიდი რისკი ავიღე მაგ დროს ‒ მოვდიოდი სტაბილური სამსახურიდან, სტაბილური ანაზღაურებით, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ჩემთვის ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ აქ ‒ შესაძლებლობა მქონდა ჩემით შემექმნა რაღაც”, - იხსენებს თამარ გახარია Forbes Woman-თან ინტერვიუში.

თამარი იმ პერიოდში, ფინანსურ სექტორში დასაქმების გამოწვევებზეც საუბრობს. იხსენებს, რომ ფაქტორი, რამაც CBS ჯგუფის სისწორეში დაარწმუნა, კომპანიის დამფუძნებლის სრული და უპირობო ნდობა იყო. ნდობა - ქალი მენეჯერისთვის.

“„ვამაყობ, სადამდეც მოვედით. არადა, 10 წლის წინ, ქალ მენეჯერს პრაქტიკულად ვერსად იპოვიდით. თან მაშინ, ჩემს საფირმო ვარცხნილობას, კიკინებს ვატარებდი. კონკრეტულად ამ კომპანიებშიც, ყველგან იყო ეს რეზისტენტულობა „კიკინებიანი გოგოს“ მიმართ. CBS-ში დამინახეს ისეთი, როგორიც ვარ და პირველივე გასაუბრების შემდეგ მომცეს თანხმობა, ორჭოფობის გარეშე. ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა CBS ჯგუფში.

მე რომ მქონოდა არჩევანი უკვე ჩამოყალიბებულ, დიდ კორპორაციაში დასაქმების, ვიტყოდი, რომ გამიმართლა. მე ჩემით გავაკეთე კომფორტის ზონიდან გამოსვლის არჩევანი და შესაბამისად, ფაქტობრივად, ჩემითვე შევქმენი ის, რისი წარმოდგენაც მქონდა. გასაუბრებაზე მწვანე ქურთუკით, დახეული ჯინსებით, წითელი კეტებით და კიკინებით მივედი. სხვაგვარად მისვლა არც მიფიქრია, მივედი ნამდვილი, ისეთი როგორიც ვარ. გამიმართლა, რომ დამხვდა კაცი (დღეს ჰოლდინგის დირექტორი), რომელსაც სხვა მაინდსეტი ჰქონდა და კიკინებიან გოგოს ნდობა გამოუცხადა“, - ამბობს თამარ გახარია.

თამარი აღნიშნავს, რომ CBS ჯგუფში ყველას - ქალსაც და კაცსაც - თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ და თუ ჰოლდინგში შემავალ რომელიმე კომპანიაში დასაქმებული ქალების რაოდენობა ჭარბობს, ეს არა “ქველმოქმედებისა” და კორპორაციული პასუხისმგებლობის, არამედ ადამიანთა უნარების ობიექტური შეფასების გამო ხდება: “ მყიფეა ყველა ფუნდამენტი, რომელიც განათლებასთან ერთად, გამოცდილებით მიღებულ ცოდნაზე არ დგას”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები