მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ "ნამახვანჰესის" ინვესტორმა კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში გაიმარჯვა და კომპანიამ სახელმწიფოსგან 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა მიიღოს. BMG-ის კითხვაზე, ექვემდებარება თუ არა გადაწყვეტილება გასაჩივრებას და როდის მოხდება აღნიშნული კომპენსაციის გადახდა, რომელიც ლარის უკანასკნელი გაუფასურების ფონზე უკვე 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, იუსტიციის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ დავა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა საქართველოს შესაძლოა ამ მასშტაბური კომპენსაციის გადახდა მაინც მოუწიოს.
დავის წაგებას უცნაურს უწოდებს „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. „საქმიანი დილის“ ეთერში თემაზე კომენტირებისას ჩხობაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი იყო რიგი ვალდებულებები, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების კვლევის ნაწილშიც.
„ჩვენ პროტესტს გამოვთქვამდით არას იმის გამო, აშენდეს თუ არა, არამედ პირველ რიგში ვამბობდით, რომ არ არის საკმარისი დოკუმენტაცია. უნდა ყოფილიყო შესწავლილი ყველა რისკი და პირველ რიგში ვითხოვდით ამას - რისკების ანგარიშს, რომლის ნაწილი მივიღეთ და ისიც მოგვიანებით. ამას ვითხოვდით იმიტომ, რომ საფრთხის წინაშე იდგა და დღესაც დგას ქუთაისი.
სიმართლე გითხრათ მე ძალიან გამიკვირდა რომ საქართველომ წააგო, როგორ მოვახერხეთ ეს, იმიტომ, რომ ყველა მონაცემი ამბობდა რომ ჩვენ უკეთესს მდგომარეობაში ვიყავით, რადგან „ენკამ“ თავისი ვალდებულებებიდან ბევრი რამ არ შეასრულა. ძალიან საინტერესოა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენ გვინდა რომ ბოლომდე ვნახოთ რა პრობლემები შეიქმნა და რატომ ვერ დავიცავით ჩვენი თავი. თვითონ ხელშეკრულება, რომელიც იყო დადებული „ენკასთან“ არის საკმაოდ დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ის რომ კომპანიამ ვერ წარმოადგინა სრული დოკუმენტაცია გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს სახით, ჩვენ ეს ვიცით,“ - განაცხადა ჩბობაძემ.
ENKA-მ 2021 წლის 22 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო კომპანია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო შეთანხმებიდან გადიოდა, მალევე კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა.