ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ე.წ “ეკონომიკური ამნისტიის” ინიციატივას ამუშავებს, რომელიც იმ კომპანიებს უნდა შეეხოს, რომლებსაც ჯარიმები და პირგასამტეხლოები აქვთ დაკისრებული. ინიციატივის მთავარი მიზანია, ბაზრის მოთამაშეებს მიეცეთ შანსი, გაჯანსაღებული ბალანსით დაუბრუნდნენ აქტიურ ბიზნესს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ინიციატივა მიმართულია დარგის იმ მონაწილეებისკენ, რომლებიც ბაზარზე კეთილსინდისიერად მოქმედებენ.
კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” მმართველი პარტნიორის პაატა ტრაპაიძის შეფასებით, სექტორში დაგროვილი ჯარიმები ხშირ შემთხვევაში იმ „კაბალურ ხელშეკრულებებს” უკავშირდება, რომლებიც დამკვეთსა და შემსრულებელს შორის წლების განმავლობაში ფორმდებოდა. ტრაპაიძის თქმით, დაკისრებული საურავები მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო პროექტების მომგებიანობას, რაც ბანკებისთვის ამ სექტორს არამიმზიდველს ხდის.
„აქამდე კაბალური ხელშეკრულებები იყო დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. ძალიან ხშირად ეს ჯარიმები და საურავები გამოწვეული იყო ამ კაბალური ხელშეკრულებების მიზეზით. თუ გვინდა, რომ დავიწყოთ ამ სფეროს გაჯანსაღება, ის, რაც არასწორად იყო დარიცხული, ჩემი აზრით, უნდა მოიხსნას. ჩვენს კომპანიას არ ეხება ეს, მაგრამ ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც ამის გამო დიდ წნეხს განიცდის.
შედეგად ამ სექტორის მომგებიანობა მნიშვნელოვნად მცირდება და ბანკებთან ურთიერთობაში ზუსტად ამაშია საქმე, რომ ბანკები დღეს აყენებენ საკითხს, რომ ეს სექტორი არამომგებიანია”, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
მისივე თქმით, დონორული ხელშეკრულებები გაცილებით სამართლიანი და დაბალანსებულია, მაშინ როცა სახელმწიფო კონტრაქტებში მთელი პასუხისმგებლობა და რისკი შემსრულებელზე გადადის.
“აქამდეც არსებობდა და დღესაც არსებობს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ხელშეკრულებები და არსებობს ჩვენი ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელშეკრულებები. როგორ გგონიათ, ისინი ერთნაირია? რატომ არ უნდა იყოს ერთნაირი?
რა განსხვავებაა პროექტს დონორი აფინანსებს თუ ბიუჯეტი? ხელშეკრულება არის ხელშეკრულება. ოდესღაც შემოღებული იქნა ასეთი მეთოდი, რომ დონორის დაფინანსებული ტენდერები მიდის დონორის კანონების მიხედვით, რომელიც აბსოლუტურად სამართლიანია, დაბალანსებულია და ჩვენთან ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელშეკრულებები ვითარდება იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს დამკვეთს. არ არსებობს ბიზნესი, სადაც ერთი მხარეა მოგებული და მეორე მხარეა წაგებული. ბიზნესი არის ის, როდესაც ორივე მხარე უნდა იყოს მოგებული.
მოდით იკითხეთ მარტივად, რა განსხვავებაა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ხელშეკრულებასა და ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ ხელშეკრულებას შორის. თქვენ თვითონ აღმოაჩენთ, რომ მნიშვნელოვანი სხვაობაა.
სახელმწიფო ვერ დაიწყებს გარჩევას, ვინ იყო მართალი, ვინ მტყუანი შემსყიდველი და ვინ არა. ეგ ძალიან რთულია. ეს ისეთ მორევში ჩაგვითრევს, რომ სჯობს ამნისტია გავრცელდეს ყველაზე და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები.
კონტრაქტით ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კონტრაქტების ხელშეკრულებაში წერია, რომ დამკვეთს უფლება აქვს დააჯარიმოს განუსაზღვრელი პროცენტებით შემსრულებელი… თუ მაგალითად რამე არასწორადაა კონტრაქტის მიხედვით მოწოდებულ პროექტში და პროექტის შეფერხება ამის მიხედვით ხდება, არავითარი კომპენსაცია არ არის გათვალისწინებული. ინდექსაცია დონორების მიერ დაფინანსებულ ტენდერებში ყველგან იყო, ჩვენთან არავითარი ინდექსაცია არ იყო და ახლა აპირებენ...
ახლანდელი ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელობა ნამდვილად პროგრესულ გზას ადგას, ვნახოთ რით დამთავრდება, მაგრამ მე ასე მგონია, რომ რაღაც შედეგამდე მივალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დარგი საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა”, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მოცულობის ჯარიმა/საურავები აქვს დაკისრებული ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს, თუმცა ბიზნესი ამბობს, რომ სანქცირებული კომპანიების რიცხვი საკმაოდ დიდია. სამშენებლო სექტორში მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება ამნისტიას დათანხმდება, ეს კომპანიებს „სუფთა ფურცლიდან“ მუშაობის საშუალებას მისცემს.




























