2023 წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის გარკვეული ეტაპი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტები დაინერგა, - ამის შესახებ BMG-ის ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას Lion Group-ის გენერალური დირექტორმა, ლევან სუხიტაშვილმა ისაუბრა.
“2023 წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის გარკვეული ეტაპი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტები დაინერგა, რომლებიც მანამდე არ გვქონია. დავიწყებ იმით, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენს კომპანიას შეემატა უმნიშვნელოვანესი მიმართულება, სატერმინალო მომსახურების თვალსაზრისით. ასევე აქტიურად დავიწყეთ და ჩავერთეთ ელექტრომობილების პროდუქტების ნაწილში. გაიხსნა წარმომადგენლობითი ოფისები როგორც საქართველოს შიგნით, ასევე აზერბაიჯანში, პოლონეთსა და ბულგარეთში. ეს აძლევს მომხმარებელს საშუალებას, რომ ექსპორტის მიმართულებით თუ აქვთ ინტერესი, ბევრად მარტივი პროცედურების გავლა მოუწევთ“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.
მან ასევე კომპანიის მიერ განათლების მიმართულებით შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ელექტრომობილების კვლევითი ლაბორატორია, რაც კომპანიას ძალიან ეამაყება.
„ვფიქრობთ, ამით გადავდგით ნაბიჯი მომავლისკენ, განვითარებისკენ და განათლებისკენ. შევეცადეთ, ის მომავალი თაობა ყოფილიყო მხარდაჭერილი, რომლისთვისაც ელექტრომობილი არ იქნება უბრალოდ მცნება, ეს იქნება მათთვის განათლებაზე დაფუძნებული, პროდუქტი, რომელიც ცალსახად იქნება ათვისებული. ეს მსოფლიო ტრენდია და განათლების გარეშე ვერ იქნება ათვისებული“, - თქვა ლევან სუხიტაშვილმა.
კითხვაზე, როგორი იყო გაყიდვების მიმართულებით დინამიკა იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც ამ ბიზნესს ჰქონდა, Lion Group-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სირთულე ბევრი იყო, მათ შორის რეგულაციების მხრივ, დახურული ბაზრების მხრივ, თუმცა ეს სირთულეები კომპანიამ მოქნილობის შედეგად დაძლია.
„ჩვენ ბევრი აქტივობა გვქონდა, წავახალისეთ მომხმარებელი, ბოლო სამი თვეა მნიშვნელოვანი ეტაპია ჩაშვებული ჩვენი მომხმარებლისთვის, გაყიდვების მხარდაჭერის თვალსაზრისით განხორციელდა ღონისძიებები. გვქონდა გათამაშებები“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.