მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან რთულია, მცირე გამომცემლობა კომერციულად წარმატებული იყოს" - "მოუბარი" გამოწვევებზე

მოუბარი

ქართული საგამომცემლო ბაზარი ბოლო წლებში დინამიკურად ვითარდება, თუმცა სექტორში არსებული სტრუქტურული გამოწვევები განსაკუთრებით თვალსაჩინო მცირე და საშუალო ზომის გამომცემლობებისთვისაა. იმ პირობებშიც კი, როდესაც ქვეყანაში მკითხველთა და წიგნის მყიდველთა რაოდენობა სტაბილურია, მცირე გამომცემლობებისთვის კომერციული მდგრადობის მიღწევა მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს - ამ საკითხებზე გამომცემლობა "მოუბარის" დამფუძნებელი გუჯა ქემოკლიძე BM.GE-სთან საუბრობს.

გამომცემლობის დამფუძნებელმა "მოუბარის" საფასო პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, საგამომცემლო ბიზნესში პროდუქტის თვითღირებულება პირდაპირ არის დამოკიდებული წარმოების მასშტაბზე, რაც მცირე გამომცემლობებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს, მსხვილ მოთამაშეებთან შედარებით.

გუჯა ქემოკლიძის განმარტებით, ერთი წიგნის გამოცემის საშუალო თვითღირებულება 10-დან 20 ლარამდე მერყეობს. ეს მაჩვენებელი საავტორო უფლებების შეძენის, თარგმნისა და რედაქტირების, დიზაინისა და უშუალოდ ბეჭდვის ხარჯებს მოიცავს.

"უფლებების მოპოვების ღირებულება ყველასთვის მსგავსია, თუმცა შემდგომ ეტაპებზე სხვაობა თვალსაჩინო ხდება. მაგალითად, თარგმნისა და რედაქტირების პროცესი ჩვენ უფრო ძვირი გვიჯდება, რადგან თითოეულ პროექტზე ცალკეულ ფრილანსერებთან ვთანამშრომლობთ, მაშინ როცა დიდ გამომცემლობებს ხშირად შტატში ჰყავთ ეს სპეციალისტები ან სხვა მასშტაბის პირობებით სარგებლობენ," - ამბობს გუჯა ქემოკლიძე.

კიდევ უფრო დიდ გავლენას ტირაჟის მოცულობა ახდენს. "მოუბარის" დამფუძნებლის თქმით, ბეჭდვის დროს, რაც უფრო დიდია ტირაჟი, მით უფრო მცირდება ერთეული პროდუქტის თვითღირებულება.

"მსხვილ გამომცემლობებს აქვთ ფინანსური რესურსი, დაბეჭდონ, მაგალითად, 5 000-იანი ტირაჟი, რითაც დაბალ საწარმოო ფასს იღებენ. მცირე გამომცემლობებისთვის კი მსგავსი მოცულობის დაბეჭდვა დაკავშირებულია არა მხოლოდ მაღალ ერთჯერად კაპიტალდაბანდებასთან, არამედ დამატებით საოპერაციო ხარჯებთან.

დიდი ტირაჟის დაბეჭდვა იწვევს სასაწყობე ხარჯების ზრდას. ჩვენ არ გვაქვს საკუთარი დიდი საწყობი, სადაც ამ რაოდენობის წიგნებს განვათავსებდით. შესაბამისად, ერთეულის ფასის შემცირებას თან სდევს სხვა ხარჯების ზრდა. ამიტომ, იძულებულები ვართ, უფრო მცირე ტირაჟებით ვიმუშაოთ, რაც ავტომატურად ზრდის წიგნის თვითღირებულებას," - აღნიშნავს "მოუბარის" დამფუძნებელი.

მცირე გამომცემლობების კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა გაყიდვების არხების შეზღუდული მრავალფეროვნებაა.

"რეალურად, ბაზარი არ არის გაჯერებული მსხვილი მაღაზიებით, რაც გასაღების ბაზრის მრავალფეროვნებას ზღუდავს. ჩვენს შემთხვევაშიც, ისევე როგორც გამომცემლობების უმეტესობისთვის, გაყიდვების ყველაზე მაღალი წილი სწორედ მსხვილ ქსელებზე მოდის," - განმარტავს გუჯა ქემოკლიძე.

ამ ფონზე, გამომცემლობა "მოუბარი" აქტიურად ავითარებს საკუთარ ონლაინ მაღაზიას. ქემოკლიძის თქმით, საქართველოში ელექტრონული კომერციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და სერვისები - მათ შორის მესამე მხარის სასაწყობე და ლოგისტიკური მომსახურება - საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. ეს მცირე გუნდს (მაგალითად, "მოუბარს", სადაც ძირითად პროცესებს სამი ადამიანი უძღვება) აძლევს შესაძლებლობას, ოპერაციები ეფექტიანად მართოს.

მიუხედავად გამართული ციფრული არხებისა და უფასო მიწოდების სერვისისა, მომხმარებელთა ქცევაში კვლავ ტრადიციული შესყიდვები ჭარბობს: "ონლაინ შესყიდვების კულტურა არსებობს და ჩვენი პლატფორმიდანაც ყიდულობენ, თუმცა მომხმარებელთა დიდ ნაწილს მაინც ფიზიკურ ფილიალში მისვლა და წიგნის ადგილზე შეძენა ურჩევნია".

მცირე გამომცემლობებისთვის დამატებით ბარიერს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელებთან კომერციული მოლაპარაკებები წარმოადგენს.

"დიდი გამომცემლობებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ მოლაპარაკებები ჩვენი ინტერესების შესაბამისად წარვმართოთ. ხშირ შემთხვევაში, იძულებულები ვართ, სრულად მოვერგოთ ქსელების მიერ შემოთავაზებულ პირობებს, რაც ხშირად ფინანსურად საკმაოდ მძიმეა მცირე ბიზნესისთვის," - აცხადებს გუჯა ქემოკლიძე.

ვინაიდან "მოუბარს" საკუთარი ფიზიკური მაღაზიები არ გააჩნია, დამფუძნებლის თქმით, კომპანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა წიგნის გამოფენებს ენიჭება, რომლებიც საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.

"ჩვენი ზომის გამომცემლობისთვის ეს გამოფენები მთავარი მასაზრდოებელია. ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაციის დამყარება შეგვიძლია. ვინაიდან ყოველდღიურად მხოლოდ ციფრული არხებით ვურთიერთობთ, გამოფენებზე ჩვენს ერთგულ მკითხველს უშუალოდ ვხვდებით და ვესაუბრებით. ეს პროცესი ორმხრივად ღირებულია," - აცხადებს ქემოკლიძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ აღნიშნული ღონისძიებები ძირითადად თბილისით შემოიფარგლება.

გამომცემლობა "მოუბარი" ბაზარზე 2025 წლის ნოემბერში 8 წიგნით გამოჩნდა და, ძირითადად, ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრს ფარავს. როგორც გუჯა ქემოკლიძემ bm.ge-ს განუცხადა, თანადამფუძნებლებთან - ანრი მაღლაკელიძესა და დათა ხარაიშვილთან ერთად - წიგნების გამოსაცემად აქტიური მუშაობა 2023 წლიდან, ₾300 ათასიანი კერძო დაფინანსებით დაიწყო. დღეს "მოუბარის" წიგნების ყიდვა წიგნის მაღაზიებსა და მათ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები