"ხელისუფლების პრიორიტეტია, საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული მოსახლეობის ყველა ფენა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ნაწილი", - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეგიონის სასტუმროებში ადგილობრივი მეწარმეებისგან პროდუქციის შესყიდვა გამარტივდება.
"ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს აქვს განცდა, რომ მაგალითად, როდესაც მთიან რეგიონებში იხსნება სასტუმროები თუ ახალი სავაჭრო წერტილები, იქ ნაკლებად ხვდება ადგილობრივი პროდუქცია, ანუ იმ რაიონში, იმ სოფელში წარმოებული პროდუქცია და ხშირად, პროდუქციის შეძენა და ჩატანა ხდება თბილისიდან თუ სხვა რეგიონული ცენტრებიდან. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ამ მიმართულებით შესყიდვები, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებულ კვების პროდუქტებზე, რათა ადგილობრივი ნაწარმი მაქსიმალურად გვქონდეს წარმოდგენილი, როგორც მცირე და ოჯახური ტიპის, ისე - რეგიონებში და სოფლებში გახსნილ სასტუმროებში, მაქსიმალურად ვამარტივებთ, როგორც საგადასახადო, ისე პროცედურული კუთხით პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმერებისგან.
ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ამ პრობლემის გამო, ძალიან ხშირად, ბიზნესი უარს ამბობდა ხარისხიანი პროდუქციის შეძენაზე. ამ ცვლილებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ბიზნესი შეზღუდვის გარეშე შეისყიდის ამ პროდუქციას და ეს აისახება იმ საგადასახადო ტვირთში, რომელიც ამ შემთხვევაში კომპანიას ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აუცილებლად უნდა წახალისდნენ, რათა ადგილობრივი, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შეიძინონ. ეს არის ასევე საუკეთესო ევროპული პრაქტიკაც. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გვხვდება ადგილობრივი ნაწარმი და სწორედ ეს არის მომხიბვლელი. როდესაც ადამიანები მთაში მიდიან დასასვენებლად, მათ სურთ, იქაური პროდუქცია იგემონ და სამწუხაროდ, ის საგადასახადო გარემო, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამის საშუალებას არ იძლეოდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

























