მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალისხმევას არ ვაკლებთ. იმედი გვაქვს, SEPA-ში გაწევრიანება დაჩქარდება - ნათია თურნავა

ევრო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანებისთვის (SEPA) საქართველოს მხრიდან საკითხების დიდი ნაწილი შესრულებულია.

როგორც მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის კომუნიკაცია და იმედი აქვს, რომ პროცესი დაჩქარდება. ამასთან, მან ის ნაბიჯები დაასახელა, რაც სებ-ის მხრიდან შესრულდა.

"მიგვაჩნია, რომ ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში საქართველოს გაწევრიანება ძალიან სასარგებლოა პირველ რიგში იმიტომ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ვაჭრობა გაგვაჩნია ევროზონის წევრ სახელმწიფოებთან და ეს უფრო მეტად ინტენსიურს გახდიდა ამ ტრანზაქციებს, ასევე მნიშვნელოვანი ფულადი გზავნილების მიმოცვლა ხდება. მიგვაჩნია, რომ ეს ასევე სასარგებლო არის ევროკავშირისთვისაც, იმიტომ რომ ბოლო წლებში საქართველოს დატვირთვა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის. აქედან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესი არსებობს და უნდა არსებობდეს.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა შეიტანა ეს განაცხადი ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ. რამდენიმე მიმართულებას დავასახელებ, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები შევიმუშავეთ და ჩვენი ჩარჩო გავაძლიერეთ. პირველი ეს არის საზედამხედველო პოლიტიკის და პრაქტიკის ევროკავშირის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის დირექტივასთან დაახლოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სანდოობა იყოს ორ სისტემას შორის და ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, რაც არაერთ საერთაშორისო რეიტინგსა და ანგარიშში აღინიშნა. მეორე მიმართულება, რა კუთხითაც ვიმუშავეთ და მოლოდინები შევასრულეთ არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები ვირტუალური აქტივების რეგულირების მიმართულებით. აქ ჩარჩო შემუშავდა, რომ კრიპტოსთან, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები და სუბიექტები იყოს გამჭვირვალედ მართული. აქ არის სრული სანდოობა, რაც საფუძვლად დაედო Moneyval-ის მიერ საქართველოს შეფასების გაუმჯობესებას მეთხუთმეტე რეკომენდაციასთან მიმართებით. კიდევ ერთი მიმართულება, რასაც გაწევრიანება მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონაა. კერძოდ, ცენტრალიზებული ანგარიშთა რეესტრი, რომელსაც ჩვენ შევქმნით მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვასთან ერთად, ეს ტექნოლოგიურად ასეა. მყისიერი გადახდების სისტემა სერიოზული პროექტია, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და გეგმაზომიერად მიმდინარეობს. წელს ძირითად ნაწილს უკვე დავასრულებთ. არის სხვა მიმართულებებით, არა მხოლოდ ეროვნული ბანკია ჩართული, სხვა პასუხისმგებელი უწყებებიც არსებობს. მიგვაჩნია, რომ საკითხების დიდი ნაწილი არის შესრულებული ან არის ძალიან მკაფიო ვადები იმ საკითხებზე, რისი შესრულებაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ SEPA-ში გაწევრიანების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს, თუმცა გაგვაჩნია კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან და იმედი გვაქვს, ეს პროცესი დაჩქარდება და თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვაკლებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველომ SEPA-ში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის სექტემბერში წარადგინა.

SEPA (Single Euro Payment Area) ერთიანი ევრო გადახდის სისტემაა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს და აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისთვის. მომხმარებელს საშუალება აქვს ერთი და იმავე პირობებით ელექტრონულად გადაიხადონ ევროში, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან - თავიანთ ქვეყანაში თუ მის მიღმა. შესაბამისად, საჭირო აღარ არის SEPA-ს ქვეყნებთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ანუ შუამავლის გამოყენება.

SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში ჩართვისთვის ქვეყანა ევროპული გადახდების საბჭოს რამდენიმე თემატურ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობა აქვს.

SEPA დღეს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს, ევროპის ეკონომიკური ზონის 3 და ევროპის ეკონომიკური ზონის 6 არაწევრ ქვეყანას აერთიანებს და ამ სისტემის ნაწილია მოლდოვაც, რომელმაც საქართველოზე გაცილებით გვიან 2024 წელს მიმართა საბჭოს გაწევრიანების განაცხადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები