მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძეხვი "ვეფხისტყაოსნიდან" - ქართული კომპანია მე-12 საუკუნის რეცეპტს აცოცხლებს

5c48651854525
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.19 21:00
4241
სვანური ზისხორა, იგივე სისხლის ძეხვი და “ვეფხისტყაოსანში” ნახსენები უძველესი ტრადიციული ხორცპროდუქტები მალე ქართულ ბაზარზე გამოჩნდება. უკვე “კარგად დავიწყებული” რეცეპტებით ძეხვეულის წარმოებას კომპანია Native Georgian იწყებს.

პროდუქცია უკვე დიდი ხნის დაანონსებულ ქართულ ხამონთან ერთად ბაზარზე წლის ბოლომდე გამოჩნდება. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია Native Georgian-ის ხელმძღვანელმა ვასილ ბაბლუანმა განუცხადა.

“ჩვენი მიზანია ქართული ტრადიციული პროდუქციის აღდგენა. არ ვაპირებთ რომელიმე ქვეყნიდან რამის კოპირებას, თუნდაც ხამონის(რომლის წარმოებასაც ასევე ვგეგმავთ). პარალელურად გვინდა ქართული ტრადიციული პროდუქტების აღგენა- პოპულარიზაცია და მსოფლიო ბაზარზე გატანა. ჩვენი ღორის ხორცის ხარისხი იძლევა ამის საშუალებას.

თუ ხამონი არის კულინარიის ვარსკვლავი, ქართულ პროდუქციასაც შეუძლია გახდეს ვარსკვლავი მსოფლიოში.

მაგალითად ტრადიციული პროდუქტებიდან ძალიან ცნობილია ესპანეთში მორსია, რომელიც კეთდება ღორის შიგნეულით და სისხლით, მსგავსი ტრადიციული პროდუქტი დღესაც კეთდება სვანეთში, ზისხორას სახელწოდებით. ასევე ვეფხისტყაოსანში არის ნახსენები - ხმელობა, რაც მე-12 საუკუნეში ერქვა ღორის დაძველებულ ხორცს. ძალიან დიდი ჩამონათვალია მსგავსი კერძების, რომელთა აღდგენაზეც ვმუშაობთ”,- აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

პროდუქცია ქართული ჯიშის ღორის ხორცისგან დამზადდება, პარალელურად კი კომპანია საპარტნიორო ფონდთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ქართული ღორის გადარჩენის პროექტს ახორციელებს.

“ამჟამად რაჭაში, სოფელ ღარში ვაშენებთ ფერმას. ეს იქნება 300 დედა ღორზე გათვლილი ფერმა, სადაც განხორციელდება მეცნიერული და ვეტერინარული სამუშაოები და მოხდება ჯიშის გაუმჯობესება. ახლა თითქმის გადაშენების პირას არის ქართული ჯიში და დაკარგული აქვს ტრადიციული თვისებები სწორედ ამიტომ დავიწყეთ ქართული ჯიშის გადარჩენის პროექტი - 10 სულით დავიწყეთ და დღეს 500 სულამდე ვართ ასული”,- აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

მისი თქმით, 8-წლიანი პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია 1200 დედა ღორის მოშენება. მისი ღირებულება კი 15 მილიონი დოლარია. პროექტი საპარტნიორო ფონდთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.

“ეს ნახევრად სოციალური პროექტია, რადგან 1200 ღორიდან მხოლოდ 300 ღორი იქნება ჩვენი და დანარჩენი 900 ღორი იქნება ჩვენი პარტნიორების ფერმებში. ღორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება, იქნება 10-20-30-ღორიანი ფერმები. წლის ბოლოს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ღორებს გარანტირებულად ვიყიდით ჩვენ”,- აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

რაც შეეხება ტრადიციული ქართული ძეხვეულის წარმოებას, კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკვე არსებობს ერთ-ერთი საწარმო ამბროლაურში, რომლის ნოვაციაც მოხდება და პროდუქცია სწორედ აქ დამზადდება.


გთავაზობთ ამონარიდს ვეფხისტყაოსნიდან, სადაც აღნიშნული კერძი(ხმელობაა) ნახსენები:

ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები