მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძირეული რეფორმების დრო აღარ არის“ – თამარ ხიდაშელი EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პერსპექტივაზე

ანალიტიკა

„სამწუხაროდ, ძირეული რეფორმების დრო აღარ არის. თავს, ვერავინ მოვიტყუებთ“, – ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ თამარ ხიდაშელმა „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში განაცხადა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის თქმით, აქამდე სექტორი სულ ამბობდა, რომ რჩება დრო ძირეული რეფორმების დაწყებისთვის. „მაგრამ ძირეული რეფორმები არ დაწყებულა – ამბობს თამარ ხიდაშელი „ანალიტიკა“–სთან – და ახლა რეფორმების ძირეულად გატარების დრო აღარ არის. თუმცა ევროკომისიისთვის საკმარისი იქნება პოლიტიკური ნების დანახვა, რომ ხელისუფლება მზად არის, დაიწყოს მხარეებთან თანამშრომლობა და ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გაგზავნოს სიგნალი, რომ სერიოზულად უყურებს საკითხს. ჯერჯერობით ეს არ ჩანს“.

თამარ ხიდაშელის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების შეფასება ემთხვევა ევროკავშირის შუალედურ შეფასებას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ სამი მიმართულებით არის პროგრესი – ეს არის გენდერული თანასწორობა, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და სახალხო დამცველის საკითხი – დანარჩენ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, სერიოზული ძვრები არ არის და ორი პრიორიტეტი – დე–ოლიგარქიზაცია და პოლარიზაცია შეუსრულებელია.

„ძალიან ცოტა დრო რჩება. ახლა ხელისუფლებას რაც შეუძლია აჩვენოს არის ის, რომ შეამციროს მტრული და აგრესიული რიტორიკა და მხარეებთან თანამშრომლობით დააჩქაროს რეფორმები“ – ამბობს თამარ ხიდაშელი „ანალიტიკა“–სთან.

საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ჯოზეფ ბორელმა თქვა: „ევროკავშირში გაწევრიანება სერიოზული ვალდებულებაა, კანდიდატის სტატუსი არ არის ის, რის მიღების უფლებამოსილებაც ქვეყნებს გააჩნიათ. მისი დამსახურებაა საჭირო სერიოზული რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის ღირებულებების დაცვის გზით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი“. რამდენიმე კვირაში ევროკავშირი ბლოკში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს და პირველად წარადგენს მოხსენებას საქართველოს, როგორც გაფართოების ქვეყნის პროგრესის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები