საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული საბჭო, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება, ამჟამად 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული და სწორედ ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით.
ცვლილებების მიხედვით კი, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უქმდება, მას ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო, აქედან 2 წევრს კონკურსის გარეშე პირდაპირ მთავრობა დანიშნავს, ხოლო დანარჩენი 13 წევრის შესარჩევი კომისია ასევე მთავრობის მიერ იქნება დაკომპლექტებული, ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის თავიდან ბოლომდე საბჭოს დაკომპლექტებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებას ექნება.