წალკის კანიონს, სადაც Kass Group-ს დასასვენებელი ინფრასტრუქტურა აქვს მოწყობილი ძირითადად ვიზიტორები აზიური ბაზრებიდან სტუმრობდნენ. Kass Group-ის გენერალური დირექტორი ეკა თორდია ამბობს, რომ ვიზიტორების ნაკადები იყო ჩამოსული ინდოეთიდან და ისრაელიდან, სადაც ჯგუფმა მარკეტინგული აქტივობები განახორციელა.
მისი თქმით, ჯამურად Kass Group-ის მხრიდან 2016 წლიდან საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
“ჩვენს კომპანიას ტურისტულ სფეროში და განთავსების მიმართულებით საქართველოში ჯამურად 2016 წლიდან განხორციელებული აქვს 120 მილიონი ლარის ინვესტიცია და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება და მეტი საინტერესო, ექსკლუზიური და ინოვაციური პროექტი შეიქმნება ჩვენი კომპანიის მიერ.
ზოგადად, როგორი ტენდენციაცაა ქვეყანაში, ჩვენც ამ მიმართულებით გვსტუმრობდნენ ტურისტები. განსაკუთრებით ჭარბობდნენ ინდოეთის მოქალაქეები, აზიიდან ვიზიტორები. ისრაელიდან იყო ძალიან დიდი ნაკადი. ეს ჩვენი დამსახურებაა, ვინაიდან ჩვენ აქტიური და მასშტაბური პიარ კამპანია განვახორციელეთ ისრაელში. სრულად იყო დატვირთული სასტუმრო, კოტეჯები და ერთდღიანი, ასევე, რამდენიმედღიანი სტუმრები გვყავდა ისრაელიდან. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები ზაფხულში ბევრად უფრო აქტიურობენ და ტურისტებისა და ადგილობრივების თანაფარდობა 50/50-ზეა. არასეზონზე, რა თქმა უნდა, უცხოელი სტუმრები ჭარბობენ ჩვენს ობიექტზე, მაგრამ წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ძალიან გვახარებს და ჩვენ ერთ-ერთ მოწინავე კურორტად უკვე გამოგვაცხადეს ვიზიტორთა სტუმრობის მაჩვენებლით,”- ამბობს Kass Group-ის გენერალური დირექტორი ეკა თორდია.
ცნობისთვის, წელს წალკის კანიონის ტურისტულ კომპლექსში ატრაქციონების პარკი გაიხსნა. KAS ჯგუფმა საქართველოში ტურისტულად გამორჩეული ადგილების შექმნა 2016 წლიდან დაიწყო. წალკის კანიონზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბრილიანტის მინის ხიდს, რესტორნებს, სასტუმროს და ვილებსაც აერთიანებს.




























