გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში, ჩირის მწარმოებელი ახალი ბრენდი „კესი“ შეიქმნა. ბრენდის უკან ხილის გადამმუშავებელი საწარმო „ფი ემ გრუპი“ დგას, რომელმაც პროექტში უკვე 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და პროდუქციის რეალიზაციის დაწყებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს.
კომპანია სხვადასხვა სახეობის ხილისგან ჩირს, შოკოლადში ამოვლებულ ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დავით მეჭიაური BM.GE-სთან აცხადებს, „კესის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პროდუქციის შემადგენლობა იქნება – ყველა პროდუქტი უშაქროდ და კონსერვანტების გარეშე დამზადდება.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე მთავარი აქცენტი ექსპორტზე გაკეთდება, თუმცა პროდუქცია ქართულ სავაჭრო ქსელებშიც იქნება წარმოდგენილი.
„ძირითადი გათვლა ექსპორტზე გვაქვს. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და პირველი მიმართულებები იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ყაზახეთი და რუსეთი. ამასთან, საქართველოს ბაზარზეც შევალთ – დისტრიბუტორებისგან უკვე არის ინტერესი“, – ამბობს დავით მეჭიაური.
„ერთი წელია სატესტო რეჟიმში ვართ. შეიძლება ერთი წელი ბევრს დიდი დრო მოეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი არ არის. ყველა პროდუქტი, რომელიც ბაზარზე უნდა გამოვიდეს, სერიოზულ ტესტირებას გადის. ჩვენი პროდუქცია აბსოლუტურად უშაქრო იქნება. არ ვიყენებთ არც კონსერვანტებს. პროდუქციის შეფუთვა აზოტში ხდება, რაც მის შენახვის ვადას ზრდის და ხარისხს ინარჩუნებს“, – დასძინა მან.
საწარმო ძირითადად, ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაბარებულ ხილს გადაამუშავებს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პრიორიტეტი კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერაა.
„ძირითადად ვცდილობთ, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისგან ჩავიბაროთ პროდუქცია. თუ რომელიმე ხილი ამ რეგიონში არ მოიპოვება, მაშინ საქართველოს სხვა რეგიონებიდან შეგვაქვს, თუმცა მხოლოდ ქართული პროდუქტი - იმპორტირებულ ხილზე საუბარი არ არის“, - აცხადებს მეჭიაური.
მისივე თქმით, კომპანია მაღალი ტექნოლოგიური აღჭურვილობით არის დაკომპლექტებული. მათ შორის, საწარმოში დამონტაჟებულია სუბლიმაციური შრობის აპარატი, რომლის მეშვეობითაც სუბლიმირებული ჩირის წარმოებასაც დაიწყებენ. "საქართველოში ასეთი აპარატი მხოლოდ ორია. ჩვენც ერთ-ერთი გვაქვს და მალე სუბლიმაციით გამომშრალი ხილის წარმოებას დავიწყებთ. ამ ეტაპზე მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული. გაფართოებისთვის, სავარაუდოდ, კიდევ დაახლოებით იმდენივე დაგვჭირდება", - აცხადებს მეჭიაური.
პარალელურად, კომპანიამ 30 ჰექტარზე ალუბლის ბაღიც გააშენა და მომავალ წელს კიდევ 20 ჰექტარის დამატებას გეგმავს.
ხილის საწარმოში ამჟამად 10-12 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული, თუმცა სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, მეჭიაურის თქმით, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 30-მდე გაიზრდება.

























