მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერი სეტყვის შემდეგ დღეებში ავტოდაზღვევაზე მოთხოვნა მკვეთრად იყო გაზრდილი - "არდი"

ჯაფარა

სადაზღვევო კომპანია "არდიში” აცხადებენ, რომ 20 ივნისს, თბილისში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ მოსახლეობის მხრიდან ავტოდაზღვევაზე მოთხოვნა გააქტიურდა.

როგორც მიხეილ ჯაფარიძემ BMG-ს განუცხადა, როგორც წესი, მსგავსი შემთხვევების შემდეგ ავტოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება ხოლმე. თუმცა მისივე თქმით, ამას უფრო მეტად დროებითი ხასიათი აქვს. რაც შეეხება ჯამურად საქართველოში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობას, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 8%-ს შეადგენს.

“პირველ რიგში, ეს შემთხვევა მიგვითითებს იმაზე, რომ ძალიან ცოტა ავტომობილია დაზღვეული. ამ დროისთვის დაახლოებით 155 ათასი ავტომობილია სულ დაზღვეული 2 მილიონის მოცულობის ავტოპარკიდან. შესაბამისად, ფაქტია, იმიტომ რომ რეალურად დაზიანებული ავტომობილების რაოდენობა 5-6 ჯერ მეტია, [ვიდრე სადაზღვევო სექტორში შემოვიდა შეტყობინება]. ეს ავტომატურად ადასტურებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ასეთი რისკები ხდება და სადაზღვევო ინდუსტრიას აქვს გადაწყვეტილება ამისთვის.

ჩვენთანაც იგრძნობა და სხვა კომპანიების შემთხვევაშიც ასე იქნება, რომ სეტყვის შემდეგ მეორე, მესამე დღეს უფრო აქტიური იყო მოსახლეობა და სურდათ გაეგოთ, რა ღირს ავტომობილის დაზღვევა, მოთხოვნა გასამმაგებული, გახუთმაგებული იყო. თუმცა ეს მუდმივად ასე ხდება ხოლმე, მოთხოვნა მატულობს ავტომობილის დაზღვევაზე და შემდეგ განელდება ხოლმე და დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. ამით არ ველოდები, რომ განსაკუთრებული აფეთქება მოხდება ავტოდაზღვევის მოხმარების კუთხით, თუმცა გარკვეული ტიპის სტიმული მაინც იქნება”, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც „არდიში“ აცხადებენ, 20 ივნისს თბილისში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მათ შემთხვევაში საუბარია რამდენიმე ასეულ შემთხვევაზე, ხოლო დამდგარი ზარალი დაახლოებით 1 მილიონ ლარს აღწევს.

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტოდაზღვევის მიმართულებით გაზრდილ ზარალიანობას სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე ივნისის თვეში ნეგატიური გავლენა ექნება, თუმცა წლიურ ჭრილში მაჩვენებლების დასტაბილურებაა მოსალოდნელი.

“ავტოდაზღვევაში საკმაოდ აქტიურად ხდება ანაზღაურება სეტყვისგან მიყენებული ზარალის, თუმცა ეს სეტყვა საკმაოდ ძლიერი იყო, თუ შევადარებთ წინა წლებს. დაახლოებით 5000-დან 10 000-მდე ავტომობილამდე დაისეტყვა და სავარაუდო ზარალის ოდენობა უხეშად რომ ვთქვათ მთელ სექტორში 10 მილიონი ლარი იქნება, შეიძლება მეტიც იყოს. უშუალოდ ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ასეულობით შეტყობინება მივიღეთ და ასეულობით ათასი ლარის ზარალზეა საუბარი. ზარალის დაახლოებით 30% უკვე ავანაზღაურეთ და მიმდინარე კვირის ბოლომდე სრულად მოხდება ანაზღაურება. ივნისის შედეგებზე აუცილებლად პოვებს ეს ასახვას, თუმცა წლიურად ეს უკვე დაბალანსდება. იმიტომ რომ მსგავსი შემთხვევები არ არის ხოლმე ხშირი”, - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები