27 აგვისტოს იმერეთის მხარეში მოსული ძლიერმა წვიმამ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მხოლოდ სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა და მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა.
გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციისთვის BM.GE-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. უწყებაში ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ სვირში დაზიანდა შიდა საუბნო გზები და მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე სვირში უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.უხვი ნალექის შედეგად, სოფლის საუბნო გზებზე, დიდი რაოდენობით ქვიშა- ღორღი ჩამოვიდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა საგზაო ბოგირები. მოსახლეობას დაუზიანდა სახნავ - სათესი სავარგულები.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, შეტყობინების მიღებისთანავე აქტიურად ახორციელებენ, გზების გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებს“, - აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე. "პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგის ქვეშაა და სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე სტიქიის შედეგები სრულად არ აღმოიფხვრება", - აცხადებენ მერიაში.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელმა უხვმა ნალექმა დააზარალა ბაღდათის რაიონის სოფლებიც.




























