მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძმები არველაძეები მოცვის ბიზნესში - „ბლუბერი ფარმის“ გეგმები

607316bb2e183
მარიამ იზორია
11.04.21 23:00
6650
ძმებმა რეზი, შოთი და აჩი არველაძეებმა ლურჯი მოცვის ბიზნესი დაიწყეს. ამის შესახებ მედიისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მათ პლანტაციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესტუმრა.

როგორც ირკვევა, ძმები არველაძეების მოცვის ბაღები ოზურგეთის რაიონში, ლიხაურში 27 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. ძმები პირველ მოსავალს წელს ელოდებიან.

Bm.ge-ისთან საუბარში არველაძეების პარტნიორმა, კომპანია „ბლუბერი ფარმის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა კოკა კანდელაკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ეტაპობრივად მოცვის ბაღების ფართობის 50 ჰა-მდე გაზრდას ვგეგმავთ. ვაპირებთ მოცვი ყატარში, რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ევროპის ქვეყნებში გავიტანოთ; მოცვზე მოთხოვნა ყველგან დიდია. რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარზეც გავყიდით, თუმცა მცირე რაოდენობით. წელს 20-25 ტონა მოსავალს ველით, 2022-2023 წლებისთვის კი ვფიქრობთ, მოცულობა 200-250 ტონამდე გაიზრდება“, - აცხადებს კანდელაკი.

მისივე თქმით, კომპანიის გეგმებში ლიხაურში სამაცივრე მეურნეობის აშენებაც შედის, სადაც მოსავალს შეინახავენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბლუბერი ფარმმა“ სახელმწიფო პროგრამებით - „შეღავათიანი აგროკრედიტით“ და „დანერგე მომავლით“ ისარგებლა. კოკა კანდელაკის ინფორმაციით, ჯამური ინვესტიცია 3 მლნ ლარია.

„ვსარგებლობთ აგროსესხით, სახელმწიფო ძალიან გვიდგას მხარში, სესხი 12%-ად ავიღეთ, საიდანაც 11%-ს სახელმწიფო ფარავს, ჩვენ კი 1%-ს ვიხდით. 3.5 წელში უნდა დავფაროთ სესხი“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ამ დროისთვის ძმები არველაძეების მოცვის ბიზნესი 10-15 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები