მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძნელია, გახარიას ვუწოდოთ პოპულარული პოლიტიკოსი’’- უცხოური გამოცემები საქართველოზე

5d6e703700b20
მიხეილ ხაჩიძე
03.09.19 18:00
1404

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენის ფაქტს უცხოური გამოცემები ეხმაურებიან. განსაკუთრებით პოპულარული თემა რუსულ მედიაშია, თუმცა რუსული გამოცემების გარდა საკითხი მცირე მასშტაბებით გააშუქა რამდენიმე საერთაშორისო გამოცემამაც, მათ შორის; „ევრონიუსმა“, „როიტერსმა“  და „ბი ბი სის“ რუსულენოვანმა განყოფილებამ.


როგორც რუსულენოვანი BBC იუწყება გიორგი გახარია საქართველოში არც თუ ისე პოპულარული პოლიტიკოსია.

„გიორგი გახარიას, ძნელია ვუწოდოთ პოპულარული პოლიტიკოსი - ამ ზაფხულს მის გადადგომას ათასობით ადამიანი ითხოვდა თბილისის ცენტრში. მას ბრალდება ძალის გადამეტება 21 ივნისს, გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ მიმართული აქციის დაშლისას.  აქციის დაშლისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა, 200-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორ მომიტინგეს კი რეზინის ტყვიებით თვალი ამოთხარეს“, - წერს რუსულენოვანი BBC-ის ჟურნალისტი.

გამოცემა მკითხველს გახარიას შესახებ დამატებით ინფორმაციასაც აწვდის და წერს, რომ იგი 2016 წლამდე საქართველოში მინისტრად დანიშვნამდე რუსეთის მოქალაქე იყო.


რაც შეეხება Reuters-ს, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო მკითხველს მწირ ინფორმაციას სთავაზობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით. სააგენტოს მოსკოვის ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერთ წელზე ცოტა მეტ ხნიანი მოღვაწეობის შემდეგ, მამუკა ბახტაძე პოსტიდან გადადგა, მის ნაცვლად კი მმართველმა პარტიამ გიორგი გახარია წარადგინა.

შედარებით ვრცელია "ევრონიუსის’’ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი. საერთაშორისო გამოცემა, აღნიშნავს, რომ გახარიას დასახელებამ ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათ, ქვეყნის  პირველი პოლიციელი (იგულისხმება გახარია) არაერთხელ დაადანაშაულეს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებულად გამოყენებაში. 


აქვე "ევრონიუსი’’ გახარიას საწინააღმდეგო აქციების "სირცხვილიას’’ ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქართველი ჟურნალისტის შოთა დიღმელაშვილის ფეისბუქ პოსტს სთავაზობს მკითხველს, სადაც დიღმელაშვილი წერს, რომ გახარიას პრემიერად წარდგენა, ქვეყანაში უფრო დიდ პროტესტსა და მასშტაბურ გამოსვლებს გამოიწვევს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოსტიდან გუშინ გადადგა, მან განცხადება სოცქსელში დაწერა, 1 დღის შემდეგ კი, ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტიის თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები