თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის მერაბ ბოლქვაძის აზრით, ძველ თბილისში განაშენიანების არსებული ფორმის დაცვის პირობებში ინვესტორების დაინტერესება მხოლოდ საგადასახადო შეღავათებით შეიძლება.
"ძველი თბილისი თუ გვინდა შევინარჩუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, მას ინვესტორებმა, ქალაქმა და ზოგადად, საზოგადოებამ არ უნდა შეხედოს ისე, რომ იქ შეიძლება ფართების მოგება. იქ ვერანაირ ფართებს ვერ მოიგებს ინვესტორი, მხოლოდ უმნიშვნელოდ. ძველი თბილისის გადარჩენის ერთადერთი საშუალება საგადასახადო შეღავათების შემოღებაა - დღგ-ისგან გათავისუფლება, თუ სხვა დაინტერესება, რომ იქ ინვესტორმა იმოქმედოს. კონკრეტულად, რა სახის უნდა იყოს ეს შეღავათები, ფინანსისტებმა და იურისტებმა უნდა მოიფიქრონ. თუ არ გვინდა შენარჩუნება, რაც თბილისისთვის უმძიმესი შედეგი იქნება, მაშინ ისე იქცევიან, როგორც გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ მოვიქეცით, მაგალითად, როცა ჩავარჭეთ სასტუმრო „იმელის“ უკან. ასეთი მაგალითები უამრავია", - განაცხადა ბოლქვაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი საგადასახადო შეღავათების გამოყენების მაგალითებია საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში.
შეგახსენებთ, რომ იგივე მოსაზრება „საქმის კურსთან“ საუბრისას დეველოპერმა ბეჟან წაქაძემ დააფიქსირა. კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი ძირითადად ცენტრალურ უბნებში ოპერირებით არის დაინტერესებული, თუმცა თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა განაშენიანების ინტენსივობაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს, დაბალსართულიანი სახლების მშენებლობა კი მისთვის ფინანსურად წამგებიანია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წაქაძე თბილისის მერიას და მთავრობას სთავაზობს, რომ მთაწმინდა-სოლოლაკის ტერიტორიაზე ავარიული სახლების დანგრევის და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრინციპების დაცვით ხელახალი განაშენიანების შემთხვევაში, დეველოპერებმა საგადასახადო შეღავათები მიიღონ.

























