მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძვირადღირებული რეფორმაა, მაგრამ მნიშვნელოვანი" - მარიამ ლაშხი "ტყის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებაზე

მარიამ ლაშხი

დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანაში ტყის მართვისა და დაცვის ახალ მექანიზმებს აწესებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი დადებითად აფასებს. დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა სახელმწიფოსთვის ფინანსურად ძვირად ღირებულია, მისი განხორციელება ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს. დეპუტატებს ინიციირებული ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ეზუგბაიამ წარუდგინა.

"რა თქმა უნდა, მივესალმებით ტყის რესურსის დაცვას და უკანონო ჭრის გაკონტროლების დამატებითი მექანიზმების შემუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ ძვირად ღირებული რეფორმაა, მნიშვნელოვანია.

აქ დაისვა საკითხი ტყის მცველების რეკრუტირებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ კოლეჯებში გაჩნდა ეს მიმართულებები და საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, უბრალოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ტყის ეროვნულ სააგენტოს აქტიური თანამშრომლობა ჰქონდეს კურიკულუმების ნაწილში და მუდმივად განახლებადი იყოს, რათა მიღებული ცოდნა შესაბამისად იყოს რეალიზებული", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დეპუტატმა მინისტრის მოადგილესთან რამდენიმე სამართლებრივი დეტალი დააზუსტა. კერძოდ, იგი დაინტერესდა, თუ რა სამართლებრივ ჭრილში გადადის ურთიერთობა ტყის სტატუსის მქონე ტერიტორიის მესაკუთრესა და ტყის მცველს შორის, მოქმედებს თუ არა ტყის მცველი ამ შემთხვევაშიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და არის თუ არა ეს ფაქტორი ახალ კანონპროექტში გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტის მიხედვით, "ტყის კოდექსში" შესატანი ცვლილებების აღსრულება სახელმწიფო ბიუჯეტს სოლიდური თანხა დაუჯდება. კერძოდ, ცვლილებების შესრულება მხოლოდ 2026 წელს სახელმწიფოს 28.8 მლნ ლარი დაუჯდება, ხოლო 2027-2029 წლებში, ყოველწლიურად – 19 741 200 ლარი.

რეფორმის მთავარი მიზანი ტყეების უკეთ დაცვა, პრევენციული ღონისძიებების გატარება და ეფექტიანი მართვაა. ამ მიზნით, "ეროვნული სატყეო სააგენტო" ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციას შეიძენს და შეიქმნება "ტყის მცველის" პოზიცია, რისთვისაც სააგენტოში დამატებით 499 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ხარჯვითი ნაწილის ზრდის პარალელურად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც. შემოსავლების ზრდას გამოიწვევს ახალი თანამშრომლების ხელფასებიდან შესული საშემოსავლო გადასახადი, ხე-ტყის დამზადების უფლების აუქციონის წესით გაცემა, სოციალური დანიშნულებით საშეშე მერქნის პირდაპირი მიყიდვის ფორმით რეალიზაცია და არამერქნული რესურსის მოპოვებაზე ნებართვების გაცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები