მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

easyJet-თან ერთად Edelweiss-ი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს შვეიცარიელი ტურისტების მოზიდვაზე - ლევან მოსეშვილი

ლევან მოსეშვილი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი მიიჩნევს, რომ easyJet-ის და Edelweiss-ის მიერ ოპერირების დაწყება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი შვეიცარიელი ტურისტების მოზიდვაზე.

13 აპრილს Lufthansa-ს ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა შეასრულა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მხოლოდ "ოცნების" მთავრობასთან აფილირებული მედიასაშუალებები ესწრებოდნენ. ამიტომ, bm.ge გთავაზობთ ღონისძიების შემდეგ, აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

"მოხარულები ვართ, რომ წარმატებული მოლაპარაკებებისა და საერთო ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ავიაბაზარზე გლობალური საავიაციო ჯგუფის Luftansa-ს წარმომადგენელმა, კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო ოპერირება.

ციურიხი - სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით ფრენები აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან განხორციელებულა.

ვფიქრობთ, ბრიტანულ დაბალბიუჯეტურ easyJet-თან ერთად შვეიცარიული Edelweiss-ი კვირაში ჯამურად ოთხი სიხშირით, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ბაზარზე მაღალმხარჯველუნარიანი შვეიცარიელი ტურისტების მოზიდვის მხრივ",- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. ლევან მოსეშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალი ინტერესი შვეიცარიელი ტურისტების მხრიდან საქართველოში გრძელვადიანი დასვენების მიზნით ჩამოსვლისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა მიიღო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ჰაიდი გრაუმ აღნიშნა, რომ თითქმის სამწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად, რაც საქართველოში დიპლომატიური მისიით იმყოფება, დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა.

"დღეს არის ისტორიული მომენტი, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, თითქმის 25 წლის შემდეგ ჩვენ გვყავს შვეიცარიული კომერციული ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც დღეს თბილისში ჩამოფრინდა. შეხედეთ ამ ლამაზ ხომალდს უმშვენიერესი შვეიცარიიდან. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მოინახულებს შვეიცარიას",- განაცხადა ჰაიდი გრაუმ. მან მადლობა გადაუხადა ქვეყანაში შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის შემოყვანაში ჩართულ ყველა მხარეს და იმედი გამოთქვა, რომ ხალხთა შორის მიმოსვლა, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები