ევროპულმა ბიზნესასოციაციამ ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა, რომელიც ერთად უყრის თავს ევროპული ბიზნესის განწყობებს, ოპტიმიზმს და ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს გამართული ფუნქციონირებისთვის.
ძირითად მიმართულებებად გამოიკვეთა ტექნოლოგიები და ცოდნა, როგორც დადებითი ფაქტორები, რომლებიც ბიზნესის შეფასებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დადებითი წვლილი შეაქვს ბიზნესგარემოს ფორმირებაში; უარყოფით ფაქტორებად კი დასახელდა შრომის და ენერგეტიკული ხარჯები და კორუფცია.
ბიზნესი ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, დასაკვირვებელია ის დინამიკა რაც ახასიათებს შრომის გაძვირებას, საგადასახადო ტვირთის ზრდას და ბიზნესის წარმოების პროცედურების გართულებას.
ტრადიციული გამოწვევებიდან, როგორც ჩანს, ბიზნესის ჩამონათვალში წელსაც რჩება გაცვლითი კურსი, ადამიანურ კაპიტალთან და სამუშაო ძალასთან დაკავშირებული სირთულეები, პოლიტიკური არასტაბილურობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.
ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან, ბიზნესი კვლევაში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ლიცენზიების და ნებართვების, შესყიდვების, დასაქმების და გარემოსდაცვითი რეგულაციების ზრდასთან ერთად.
თუმცა, ამ გამოწვევების მიუხედავად, კვლევა აჩვენებს, რომ წელს ბიზნესების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია და კერძო სექტორის ოპტიმიზმი მომავალთან დაკავშირებით – გაზრდილია. კვლევა DCFTA-ის პოტენციალის ნელ ათვისებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ EBA-ს წევრი ბიზნესების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.
სტუმარი: თენგიზ ლომიტაშვილი - TBSC Consulting-ის მმართველი პარტნიორი, EBA-ის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;