საერთაშორისო ელექტრონული კომერციის გიგანტმა eBay-მ მიმდინარე კვარტალში ანალიტიკოსების მოლოდინზე მაღალი შემოსავალი და მოგება დააფიქსირა. პლატფორმის მთლიანი სასაქონლო ბრუნვა წლიურად 15%-ით გაიზარდა და $23.2 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგმა უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $22.3 მილიარდსა და თავად კომპანიის საპროგნოზო დიაპაზონს ($22.0-$22.4 მლრდ.) საგრძნობლად გადააჭარბა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი იანონეს განცხადებით, პლატფორმის მყარი და მდგრადი ზრდა სტრატეგიული მიმართულებების, მათ შორის პრიორიტეტული კატეგორიების გაფართოებამ, მომხმარებლებს შორის ვაჭრობამ (C2C) და მეორადი ნივთების ბაზარზე ლიდერობამ განაპირობა.
მისი თქმით, eBay Live-ში, ლოგისტიკურ ქსელსა და პროდუქტების პორტფელში დანერგილი სიახლეები სერვისს გლობალური მყიდველებისა და გამყიდველებისთვის უფრო სანდო და მოქნილ სივრცედ აქცევს. კვარტალის განმავლობაში კომპანიამ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია Magical Listing-ი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ავსტრალიის, საფრანგეთისა და იტალიის ბაზრებზე ყველა ახალი და ხელახლა გააქტიურებული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
რაც შეეხება სამომავლო მოლოდინს, მეოთხე კვარტალში eBay სასაქონლო ბრუნვის 12%-დან 14%-მდე გაზრდას ვარაუდობს. ამავე პერიოდში კომპანია შემოსავლების 7%-დან 9%-მდე მატებასა და $3.24 მილიარდის მიღებას ელის, ხოლო ერთ აქციაზე შესაძლო კორექტირებულ მოგებას $1.48-1.53-ის დიაპაზონში განსაზღვრავს.
მთლიანი 2026 წლის ჭრილში პლატფორმა შემოსავლების 12%-დან 13%-მდე ზრდასა და $12.67 მილიარდის მიღებას პროგნოზირებს, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $12.55 მილიარდს აჭარბებს. ამასთან, წლიური კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე შესაძლოა $6.30 გახდეს, მაშინ როდესაც უოლ-სტრიტი მხოლოდ $4.51-ის მაჩვენებელს მოელის.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ვაჭრობის დასრულების შემდგომ სესიაზე eBay-ს აქციების ფასი 4.3%-ით გაიზარდა და $123.10 შეადგინა.
ინფორმაციისთვის, 2025 წელს eBay-ს წლიურმა შემოსავალმა $11.1 მილიარდი, ხოლო მთლიანმა სასაქონლო ბრუნვამ $79.6 მილიარდი შეადგინა.





















