მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის და IFC-ს მანდატი 6-10 წლამდე პერიოდით განისაზღვრება - ნიკა ქურდიანი

615ad724b5718
ინგა მურუსიძე
04.10.21 21:40
1200
ტაშკენტში თიბისი ბანკის ჯგუფმა (TBC PLC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც IFC-ი და EBRD-ი თიბისი ბანკის ჯგუფის შვილობილ კომპანიაში თიბისი უზბეკეთი წილობრივ მონაწილეობას მიიღებენ.

სიახლეზე „საქმის კურსის“ ეთერში დღეს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანმა ისაუბრა:

„ძალიან მაგარი ამბავია. EBRD-ისთვის, რომელმაც განაახლა ქვეყანასთან ურთიერთობა 2017 წელს, ეს იყო პირველი კაპიტალდაბანდება ბანკში გაკეთებული და ეს იყო თიბისი, რომელიც საბანკო ინსტიტუტის როლში გაშვებულია ქვეყანაში გასული წლიდან. კომერციულად ერთი წელიც არ არის გასული და ერთი წლის თავზე, რომ მზადაა ორი ამხელა ინსტიტუტი, რომ წლის 20-20% შეიძინონ, ძალიან აღსანიშნავი თემაა. ყველა პრესრელიზსა თუ ინფორმაციაში ხაზი გაესვა იმას, რომ ეს არის პირველი ციფრული ბანკი ქვეყანაში. ეს არ არის ტრადიციული ფორმატის ბანკი, ეს არის ციფრული ბანკი, რომელიც საქართველოდან ოპერირებს და ასეთი ტიპის წამოწყებაში IFC და EBRD დებენ ფულს - ეს ძალიან დიდი ნდობის გამოცხადებაა „თიბისი ჯგუფისთვის“, ქვეყნისთვის და ჩვენი სტარტაპისთვის“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

მისივე თქმით, უკვე ერთ თვეში აპლიკაციის მილიონი ჩამოტვირთვა იქნება, მას შემდეგ, რაც ბანკი უზბეკეთში გაეშვა. ციფრული მარკეტინგული ჯგუფი ამ საკითხზე საქართველოდან მუშაობს.

„ეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომ აქაურებს ძალიან უკვირთ. სესხს აპლიკაციით გავცემთ, მაშინ, როცა ბანკებს ამისთვის ორი კვირა სჭირდებათ. საქართველო ძალიან წინ წასული საბანკო ბაზარია, ამიტომ ეს არ გვიკვირს, მაგრამ რეგიონში ასეთი რამ ცოტაა და ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ინოვაცია. თავად EBRD-მა და IFC-მაც აღნიშნეს, რომ ჩვენ შემოვდივართ იმიტომ, რომ თქვენ ბიძგი მისცეთ აქაურ ფინანსურ სექტორს და ფინანსური ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობა გაზარდოთ“, - განმარტა ნიკა ქურდიანმა.

მისივე ინფორმაციით, პირველადი შეთანხმების მიხედვით, ორივე მხარე, EBRD და IFC $9.4 მლნ-ს ჩადებენ, ხოლო შემდეგ ეს თანხა ბანკის ზრდასთან ერთად გაიზრდება.

რაც შეეხება ურთიერთობის ხანგრძლივობას, ნიკა ქურდიანის განმარტებით, კონტრაქტი სტანდარტულია და მათი მანდატი 6-10 წლამდე პერიოდით განისაზღვრება.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვიხილოთ სხვა პარტნიორები, ქურდიანი პასუხობს, რომ ჯერ არ იციან.

„თეორიულად შეიძლება, რომ სხვა პარტნიორიც შემოვიდეს, თუმცა შინაარსობრივად ჯერ ამის საჭიროება არ დგას“, - განმარტა ქურდიანმა და დასძინა, რომ ოქტომბრის ბოლოდან თიბისი უზბეკეთის ტერიტორიის იმხელა ნაწილს დაფარავს, რომ მოსახლეობის 95% მოცული იქნება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები