ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) მმართველთა საბჭომ ოდილ რენო-ბასოს მეორე ვადით გაპრეზიდენტებას მხარი დღეს დაუჭირა - კენჭისყრა ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმზე გაიმართა, რომელიც წელს სომხეთში, ერევანში ტარდება.
ოდილ რენო ბასომ არჩევნებისთვის საჭირო უმრავლესობის ხმა ორმაგად მოიპოვა: როგორც მმართველთა, ასევე საბჭოს წევრთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა.
"2020 წლიდან EBRD-ის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, რომელსაც ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამ არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური ვითარების დროს ასრულებს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეწილეებს მათი ნდობისა და მხარდაჭერისთვის ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებ, რათა თქვენი ჩემდამი ნდობა გავამართლო უფრო მეტი პროექტით, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბანკის ტრანსფორმაციაზე და პარტნიორებთან კორპორაციული ურთიერთობების ზრდაზე", - განაცხადა რენო-ბასომ სიტყვით გამოსვლისას.
ოდილ რენო-ბასო EBRD-ის პრეზიდენტად 2020 წელს აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის სრული სამი წლის განმავლობაში ბანკმა 1308 პროექტში 36.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო. რენო-ბასო დაკავებულ თანამდებობაზე 2028 წლამდე დარჩება.