მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD კომპანიას "თელიანი ველი" ლუდის ქარხნის მშენებლობისთვის 18,5 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს

58610e255cc4f
BM.GE
26.12.16 16:31
3932
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 18.5 მილიონი ევროს ოდენობის სინდიცირებულ სესხს გამოყოფს შპს. Global Beer Georgia (GBG)-სთვის, ინოვაციური ლუდის ქარხნის მშენებლობისა და ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

დაფინანსების სინდიცირებული პაკეტი მოიცავს 6.2 მილიონი ევროს ოდენობის “A” სესხს ევრობანკის პირადი ანგარიშიდან და 6.2 მილიონი ევროს მოცულობის “B” სესხს ჰოლანდიის მეწარმეობის განვითარების ბანკის FMO-ს მხრიდან; გერმანიის ინვესტიციისა და განვითარების ბანკი DEG კი ამ სქემაში იმოქმედებს როგორც პარალელური კრედიტორი და გამოყოფს ასევე 6.2 მილიონ ევროს.

შპს. Global Beer Georgia-ს ახალი ლუდის ქარხანა აწარმოებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ლუდის ბრენდებს, როგორებიცაა Heineken, Krusovice და Amstel.

შპს. Global Beer Georgia-ს მფლობელია სს თელიანი ველი, რომელიც ქვეყნის წამყვანი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა და საქართველოს საფონდო ბირჟის სიაშია შეტანილი. სს თელიან ველს საქართველოში შემოაქვს Heineken® და Krusovice®, მაგრამ უახლოეს წლებში გეგმავს ამ ბრენდებისა და ასევე Amstel-ის უკვე საქართველოში წარმოების დაწყებას. კომპანია ასევე აპირებს ლუდის ახალი, ადგილობრივი ბრენდის შექმნას.

ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, შპს. Global Beer Georgia ასევე მიიღებს ევრობანკის FINTECC (კლიმატური ცვლილებების საკითხებისთვის ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი) პროგრამის გრანტს, თანადაფინანსებულს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. 73,000 ევროს მოცულობის გრანტი მოხმარდება კარბონის დიოქსიდის ზემოქმედების შემარბილებელი ქარხნის მშენებლობას, რომელიც დაბლოკავს გაზიანი სასმელების წარმოების პროცესში გამოყოფილ ნახშირორჟანგს.

ჟილ მეტეტალმა, ევრობანკის დირექტორმა სოფლის მეურნეობის დარგში, განაცხადა: „საქართველო ცნობილია ღვინით, თუმცა, კარგი ხარისხის ლუდი ასევე ძალიან პოპულარულია; ცნობილი ბრენდების ადგილობრივად წარმოების დაწყებით, თელიანი ველი არამარტო შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს და გაზრდის წარმოების სტანდარტებს, არამედ, ასევე, შექმნის ადგილობრივ სამუშაო ადგილებს და კონკურენციას ლუდის ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ფასისა და ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა ბანკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია“

კობა ჭანტურიამ, შპს. Global Beer Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ ევრობანკთან, რომელიც არამარტო ფინანსურად დაეხმარა ჩვენს კომპანიას, არამედ ფართომასშტაბიანი ტექნიკური მხარდაჭერითაც. ევრობანკის თანადგომა ითამაშებს მნიშვნელოვან როლს პროექტის წარმატებაში; ახალ კომპანიას ექნება უმაღლესი დონის აღჭურვილობა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის ეფექტურ მოხმარებას და აწარმოებს მაღალი ხარისხისა და კონკურენტული ფასის მქონე ლუდსა და უალკოჰოლო სასმელებს“

ეს პროექტი კარგად ასახავს ევრობანკის სტრატეგიულ მიმართულებებს - დააფინანსოს სოფლის მეურნეობის განვითარება, ხელი შეუწყოს ადგილობრივი კერძო სექტორის გაძლიერებას და დანერგოს საუკეთესო ევროპული სტანდარტები და გარემოსდაცვითი პრაქტიკა. ევრობანკი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიურად მუშაობს ქვეყანაში; დღევანდელი მონაცემებით, ბანკმა 3 მილიარდ ევრომდე მოცულობის ინვესტიცია ჩადო 197-მდე პროექტში, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები