TBC PLC-ის ინსტიტუციური ინვესტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თიბისი ბანკის ჯგუფის გარშემო უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბანკი აღნიშნავს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას მიესალმება.
"EBRD აღნიშნავს, რომ თიბისი არის მყარი საფინანსო ინსტიტუცია, რომელსაც სათავეში ძლიერი მენეჯმენტი და დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭო უდგას.
ჩვენ მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს TBC PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობების დატოვების შესახებ, რათა მეტი ფოკუსირება მოახდინონ იმ სამართლებრივ დავაზე, რომელიც მათ წინაშე წარმოიშვა.
ჩვენ ასევე მივესალმებით სამეთვალყურეო საბჭოს მაღალი დონის ფინანსური ექსპერტებით გაძლიერებას.
ჩვენ მოველით, რომ დავის გადაწყვეტა სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის შედეგად მოხდება, მოველით პროცესს, რომელსაც ბანკის საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.
ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ EBRD არის თიბისი ბანკის მრავალწლიანი პარტნიორი, აქციონერი და დამფინანსებელი და გვსურს, რომ მომავალშიც განვაგრძოთ TBC PLC-ის მხარდაჭერა,"- ნათქვამია განცხადებაში.

























