ანაკლიაში გმართულ მუსიკალურ ფესტივალ Echo Waves-ზე ოთხივე დღის განმავლობაში საფესტივალო ტერიტორიაზე იმყოფებოდა 40 ათასამდე ადამიანი, რომელთა შორის დაახლოებით 20-25% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო,- ამის შესახებ bm.ge-ს ღონისძიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ხატია გელოვანი ესაუბრა.
„ჩამოსული სტუმრების ზოგადი გეოგრაფიული განაწილება მოიცავს 70-მდე ქვეყანას, მათ შორის როგორც მეზობელ აზრებაიჯანს, სომხეთს, ასევე, უკრაინას, ირანს, ცენტრალურ ევროპას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს,“ - აცხადებს ხატია გელოვანი.
ფესტივალი Echo Waves 23-26 აგვისტოს პროექტს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა ანაკლიაში, სადაც იმავე პროექტის ხელშეწყობით გასულ წლებში ეწყობოდა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest. ღონისძიების ორგანიზებაში Check in Georgia-ს ფინანსური თანამონაწილეობა შედაგენდა 4 მილიონ 160 ათას ლარს, ხოლო 2 მილიონი კერძო ინვესტიციის სახით ჩაიდო მის მომზადებაში.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საერთაშორისო დონეზე ფესტივალის პიარსა და პრომოუშენს ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ Echo Waves 2018 გაიმართა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი მუსიკალური ფესტივალის EXIT-ის ფარგლებში.
„გარდა პიარისა, EXIT-ის მხარე გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას და მათი რეკომენდაციები საორგანიზაციო საკითხებში გამოსადეგი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ფესტივალის მოსამზადებლად გვქონდა ზუსტად ორი თვე, მოლოდინები არა მხოლოდ გამართლა, არამედ, არც კი ველოდით ასეთ კარგ შედეგს,“-აცხადებს ხატია გელოვანი.

























