მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eCommerce360-ის მიზანი საქართველოში სრულყოფილი ციფრული კომერციის სერვისის შექმნაა - ლევან კილაძე

637ba31e75e68
თინათინ ნატმელაძე
21.11.22 20:00
639
რამდენიმე დღის წინ ქართულმა IT კომპანია Lemondo-მ ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, eCommerce360 წარმოადგინა. ეს არის პლატფორმა, რომელიც ონლაინ მაღაზიას, მობილურ აპლიკაციებს, უნივერსალურ გადახდებს და სწრაფი საკურიერო მომსახურების სერვისებს აერთიანებს.

eCommerce360-ის სერვისებისა და მიზნების შესახებ გადაცემა "Forbes კვირა"-ში Lemondo-ს მმართველმა პარტნიორმა და თანადამფუძნებელმა ლევან კილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსალური პლატფორმის eCommerce360-ის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ციფრული კომერციის პრობლემები გაანალიზეს.

"თავიდან, როდესაც Lemondo ბაზარზე შემოვიდა, პირველი პროდუქცია, რითაც დავიწყეთ ციფრული იყო, შემდეგ უკვე სუფთა eCommerce-ში გადმოვედით, რომელიც პროდუქციის გაყიდვასთან ერთად მის მიწოდებასაც გულისხმობს. აქ უკვე 360 გრადუსით დავინახეთ, რა იყო ციფრული კომერცია და რა პრობლემები ჰქონდა, ამიტომ უნივერსალური პლატფორმის შექმნა გადავწყვიტეთ და დავარქვით eCommerce360. ეს პროცესები 2019 წელს დაიწყო და ამჟამად ბიზნესებს ამ პლატფორმას წარვუდგენთ, თუმცა ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში, რაც მოვახერხეთ არის ის, რომ 125 000 შეკვეთა გვაქვს მომხმარებელთან დატოვებული, ეს კი 125 000 სხვადასხვა გამოწვევას გულისხმობს - ხან საცობია, ხან გადახდები არ მუშაობს, ხან შიგნით კომპანიას ბიზნეს პროცესებში აქვს პრობლემა, ამ სამ წელიწადში ეს ყველაფერი დავხვეწეთ," - განაცხადა ლევან კილაძემ.

მისივე თქმით, მომხმარებლების მოთხოვნები თანდათან იზრდება, ამიტომ ციფრულმა კომერციულმა პლატფორმებმა ამ პროცესს ფეხი უნდა აუწყონ.

"მომხმარებელი ციფრულ კომერციას პირველად საზღვარგარეთიდან გამოწერებით შეხვდა, დღეს კი უკვე 12% ლოკალურ გამოწერებზე მოდის, ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ მომხმარებლებმა მაღალი მოთხოვნები დააწესეს. იმ კომპანიებმა, რომლებმაც ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლეს, მათი გულები მოიგეს და ქართველ მომხმარებლებს საქართველოდან ემსახურებიან. 5 წლის წინ ციფრული კომერცია ლამაზ ფოტოებსა და აღწერებს გულისხმობდა, დღეს უკვე აჩქარდა, ადრე თუ სამ დღეში მიწოდება მისაღები იყო, დღეს მომხმარებელი საათებში მიწოდებას ითხოვს, ყველაფერი ეზარება, საკმარისია ერთით მეტი ნაბიჯი მოსთხოვო, ჩაკეცავს და სხვა აპლიკაციაზე გადავა და აქამდე მოყვანილი მომხმარებელი, რომ გაგირბის ეს დაკარგული ფულია. ასევე, ბაზარი არც თუ ისე მრავალრიცხოვანია, სულ 700 000 ადამიანზეა ლაპარაკი, თუმცა მათი მოხმარების სიხშირე და ქართული eCommerce-ის მაჩვენებლები ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენი პლატფორმები წლიურად 50 მილიონ ლარს ვაჭრობენ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი ვამბობთ, რომ ტრანზაქციების დიდი ნაწილი ეფექტურად მობილური ტელეფონებიდან სრულდება",- აცხადებს ლევან კილაძე.

რაც შეეხება eCommerce360-ის მიზნებს, ის ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტი საქართველოში ელექტრონული კომერციის სწორი განვითარების ხელშეწყობაა.

"eCommerce არ მთავრდება გაყიდვით, ის მთავრდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელს შეძენილ ნივთს კართან მიუტანს, ამის უკან კი ძალიან ბევრი გადაწყვეტილება დგას. ეს ლოჯისტიკური გადაწყვეტილებებია, რომელიც ადრე ფოსტის საშუალებით გვარდებოდა, დღეს კი განვითარებულ ქვეყნებშიც ფოსტა მომხმარებლის მოთხოვნებს ფეხს ვერ უწყობს, ჩვენ კი ამისთვის QuickShipper გვყავს, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა და კომპანიებს ეხმარება, რომ თავიანთი კურიერები ეფექტურად მართონ, ან გარე საკურიერო სერვისები მოიშველიონ. ჩვენ ამჟამად სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ Shopipay-სთან, რომელიც ამაზონის ყველაზე დიდი კონკურენტია, მათაც სჭირდებათ პარტნიორები იმისთვის, რომ მათი პროდუქტების ბოლომდე ინტეგრაცია სხვადასხვა ქვეყნებშიც მოხდეს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ eCommerce360 ცალსახად საერთაშორისო პროდუქტია,’’ - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ Lemondo არის IT კომპანია, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, 2015 წელს კი ქართულ ბაზარზე პირველი eCommerce პლატფორმების შექმნა დაიწყო, ესენია - tkt.ge, ss.ge, domenebi.ge, moitane.ge და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები