დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ლატვიამ, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, შემოიღო სანქციები ჩვენი ქვეყნის თანამდებობის პირების მიმართ, გაკეთდა განცხადება კანადის მხრიდანაც. არსებობს მოლოდინი რომ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება. ეს არ არის ჩვენი სუბიექტური შეგრძნებები ან შეფასებები, ეს არის ფაქტი, რომლის ფონზეც შესაძლოა, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და შედარებით ახალი, რამდენიმე თვის წინ ამოქმედებულმა თომას ედისონის სახელობის ცენტრის ფუნქციონირება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. შესაძლოა დღის წესრიგში მისი საქმიანობის შეჩერებაც დადგეს.როგორც მოგეხსენებათ,ცენტრის მთავარი პარტნიორები არიან USAID-ი (ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო), ლატვიის ელექტროენერგეტიკული ასოციაცია LEEA, ლატვიის ელექტროენერგიის გამანაწილებელი სახელმწიფო ორგანიზაცია Sadales Tikls და სხვა ევროპული კომპანიები.
ედისონის ცენტრის ფუნქციონირების შეწყვეტა შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან შედარებით, რასაც დასავლელი პარტნიორების დაკარგვა გამოიწვევს. სწორედ მათი ფინანსური, მატერიალური, პროფესიული თუ სხვა ტიპის დახმარებით შეძლო დარგმა თავი დაეღწია 90-იანი წლების კოლაფსისგან.
სტუმარი: დავით დგებუაძე - “ედისონის ცენტრის” კონსულტანტი;