"გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის" დაფინანსებითა და კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, "Edushare"-ის ფონდმა ნაშრომი - „საპენსიო რეფორმა: რეკომენდაციები პოლიტიკის შესამუშავებლად“ მოამზადა.
დოკუმენტის მიზანია, ახალი საპენსიო სისტემის მოსალოდნელი შედეგების გამოკვლევა და იმის შეფასება, თუ რამდენად გაუმკლავდება შემოთავაზებული რეფორმა საქართველოს ამჟამინდელ და სამომავლო გამოწვევებს.
ამასთან, ნაშრომის ამოცანაა, ისეთი რეკომენდაციების შეთავაზება, რომელთა მეშვეობითაც ახალი სისტემა უკეთ შეძლებს უპასუხოს არსებით გამოწვევებს.
64-გვერდიანი დოკუმენტის 14 ძირითად რეკომენდაციას BM.ge უცვლელად გთავაზობთ:
რეკომენდაცია 1. შენატანების შემოთავაზებული განაკვეთები - 6% და 8% - დაგეგმილი საპენსიო სარგებლის მისაღებად არ იქნება საკმარისი. საპენსიო სარგებლის გასაუმჯობესებლად შენატანების სხვადასხვა განაკვეთი უნდა იქნეს განხილული და ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იყოს, მომავალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი. შრომის ბაზარზე დროებითი შოკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შენატანების განაწილების საგულდაგულო ანალიზი და შესწავლა.
რეკომენდაცია 2. იმისათვის, რომ საპენსიო რეფორმამ შეძლოს, მიაღწიოს მთავრობის მიერ დასახულ მიზნებს, რომელთა შორისაც არის მომუშავე მოსახლეობისთვის დაზოგვის ადეკვატური მექანიზმის შექმნა , საჭიროა, გადაიხედოს საპენსიო კანონმდებლობა ყოველწლიური შემოსავლების ლიმიტების ჭრილში და გათვალისწინებულ იქნას ზედა ზღვრის გაზრდა, ასევე, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის მინიმალური ზღვარის დაწესება.
რეკომენდაცია 3. მთავრობის დეკლარირებული მიზნების მიღწევის და ახალ საპენსიო სისტემაში მონაწილეობის კოეფიციენტის გაზრდის ერთ-ერთი გზაა სავალდებულო მონაწილეობაზე დაწესებული ასაკობრივი ზღვრის (40 წლის) გადახედვა დაქირავებულებისთვის.
რეკომენდაცია 4. მთავრობამ უნდა წაახალისოს საპენსიო სისტემაში სამუშაო ძალის ნებაყოფლობით ჩართვა. წახალისება უნდა მოხდეს როგორც სპეციალური ფინანსური სტიმულების დანერგვით, ისე - შემოთავაზებულ სქემის შესახებ მოსახლეობის მეტად ინფორმირებით.
რეკომენდაცია 5. ქვეყანას სჭირდება უფრო დეტალური და სრულყოფილი მიგრაციის სტრატეგია, რომელიც ახალ საპენსიო სისტემაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
რეკომენდაცია 6. სისტემას ეყოლება მონაწილეები, რომლებიც დროებით ემიგრაციაში წავლენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყვიან, ამიტომ საჭიროა დამატებითი ანალიზის ჩატარება, რათა ამ საკითხის გადასაჭრელად ეფექტური მექანიზმები შემუშავდეს.
რეკომენდაცია 7. მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქცოს და წაახალისოს საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულებისა და იმ დაქირავებული თანამშრომლების ნებაყოფლობითი მონაწილეობა, რომლებიც საპენსიო რეფორმის გარეთ რჩებიან (როგორც ეს რეკომენდაციაში 4 არის მოცემული).
რეკომენდაცია 8. გარდა მთავრობის დეკლალირებული მიზნისა, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებაში შეიტანოს წვლილი, საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში გადამწყვეტია, საპენსიო რეფორმის საწყის ეტაპზე არსებობდეს კონკრეტული საინვესტიციო შეზღუდვები. თუმცა, ამავდროულად, არც აქტივებზე დაწესებული შეზღუდვების უკიდურესად მკაცრად გამოყენებაა მიზანშეწონილი. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, არსებობს იმის რისკი, რომ აქტივების დიდი წილი სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში განთავსდეს ან ამონაგების დაგეგმილი განაკვეთი ვერ მიიღწეს.
რეკომენდაცია 9. საქართველოს მსგავსი განვითარებული ქვეყნებისთვის არსებითია, რომ საპენსიო ფონდის რესურსის დიდი ანწილი ადგილობრივ აქტივებში განთავსდეს, რათა ადილობრივი კაპიტალის ბაზარი განვითარდეს.
რეკომენდაცია 10. სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, გადასახედია მინიმალური საპენსიო ასაკი. თუმცა, ამავდროულად კარგად გასაანალიზებელია, საქართველოს სამუშაო ძალის სტრუქტურაზე ეს რა გავლენას იქონიებს, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებში უმუშევრობას უნდა მიექცეს.
რეკომენდაცია 11. კერძო კომპანიებს სათანადო მხარდაჭერა, სტიმულები უნდა მიეცეთ, უნდა გაიზარდოს მათი ინფორმირებულობის დონე, რათა ისინი საპენსიო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდნენ.
რეკომენდაცია 12. საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი მოსახლეობაში ფინანსური განათლების დაბალი დონეც შეიძლება იყოს. კარგი ფინანსური განათლების შედეგად მოსახლეობა უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება დაზოგვას, ბიუჯეტირებას, გრძელვადიან დაგეგმნავს და პენსიით უზრუნველყოფას. მიჩნეულია, რომ ფინანსური განათლების საერთოდ დონის გაზრდა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფში (ასაკის, პროფესიის, შემოსავლის მიხედვით) ზრდის მოქალაქეებში ინტერესს და საპენსიო სქემაში მონაწილეობის დონეს.
რეკომენდაცია 13. ახალი საპენსიო სისტემაში მონაწილეთა შენატანების უსაფრთხოდ და ეფექტურად სამართავად, არსებითია კრიზისების და სხვა ნეგატიური გარე ფაქტორების საწინააღმდეგო მძლავრი მექანიზმების არსებობა.
რეკომენდაცია 14. მთავრობას კანონმდებლობით უნდა აეკრძალოს სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით საპენსიო ფონდში უხეში ჩარევა.