2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ სახელმწიფოს (შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) შორის ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 27 ივნისს ქ. ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა ხელი.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა სამ რაუნდში.
საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე.

























