ეგვიპტე საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 12 მილიარდ დოლარს მიიღებს. თანხა სამ წელზე გადანაწილდება და ის ქვეყანაში ეკონომიკის სტიმულირებისკენ იქნება მიმართული. პირველი ტრანშის სახით ეგვიპტე 2,7 მილიარდ დოლარს მიიღებს.
ეგვიპტეში დღეს საბიუჯეტო დეფიციტი 12%-ია, უმუშევრობის მაჩვენებელი კი კვლავ მაღალი რჩება. 2011 წლის პოლიტიკური მოვლენები და ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ ეგვიპტეში უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა, ასევე იკლო ტურისტების რაოდენობამაც. სავალუტო ფონდის დახმარება ქვეყანაში ეროვნული ვალუტის სტაბილურობასაც უნდა მოხმარდეს. სავალუტო ფონდმა ქვეყანას სამოქმედო გეგმა წარუდგინა, სადაც ერთ-ერთი პუნქტი საჯარო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასების შემცირებასაც მოიცავს.

























