“2019 წელის გაზაფხულთან შედარებით, წელს იგივე პერიოდში, ტურ-პაკეტების ღირებულება 10-დან 20%-მდე გაძვირდა, თუმცა ეს ეგვიპტის მიმართულებას არ ეხება, რადგან ეგვიპტეში მოგზაურობა პირიქით 10%-ით გაიაფდა,” - ამის შესახებ “საქმიან დილას” “ავიაქსელის” დირექტორმა ამირან აბესაძემ განუცხადა.
მან ჩვენთან საუბრისას, ის მიზეზებიც ახსნა, რის გამოც ეგვიპტის მიმართულებაზე ტურ პაკეტების ღირებულება შემცირდა.
“თუ ეგვიპტის მიმართულებით 2019 წელს ტურ-პაკეტის ღირებულება 1500 ლარიდან იწყებოდა, დღეს 1300 ლარიდან იწყება. ეგვიპტის მიმართულებაზე ფასების შემცირების მიზეზი გახდა ის, რომ იქაურმა ტუროპერატორებმა სასტუმროებზე ფასები გააიაფეს, რაც საბოლოო ტურ-პაკეტის ფასზე პოზიტიურად აისახა. ამან ეგვიპტის მიმართულებით მგზავრთნაკადის ზრდაც გამოიწვია. თუ გასულ წელს ეგვიპტეში საქართველოდან 80 მგზავრი დაფრინავდა, ახლა 175 მგზავრი დაფრინავს.” - აღნიშნა ამირან აბესაძემ.
მისივე თქმით, ქართველ მოგზაურებში - ეგვიპტე, თურქეთი და კვიპროსი მოთხოვნადი მიმართულებებია. ეგვიპტის ტურ-პაკეტის ღირებულება1300 ლარიდან იწყება, თურქეთის 1400 ლარიდან, ხოლო ყველაზე იაფი კვიპროსია და ამ მიმართულებით ტურ-პაკეტის ღირებულება 900 ლარიდან იწყება.