ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის პორტ დამიეტაში დრონით განხორციელებულმა თავდასხმამ ენერგორესურსების გადამზიდ ორ ხომალდზე ხანძარი გამოიწვია. როგორც ირკვევა, ინციდენტი თხევადი ბუნებრივი აირის ჰაბის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. Kpler-ის მონაცემებით, იერიშის შედეგად მცურავი საცავი Energos Winter-ი და ტანკერი GasLog Salem-ი დაზიანდა.
ეგვიპტის ნავთობისა და წიაღისეული რესურსების სამინისტროს განცხადებით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ოპერატიულად იმუშავეს და სიტუაცია კონტროლზე აიყვანეს. საყურადღებოა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
აღსანიშნავია, რომ ეს ინციდენტი ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საერთო ტალღის ნაწილია. ბოლო დღეებია ირანი, იემენელი ჰუსიტები და ერაყული დაჯგუფებები რეგიონის ენერგოობიექტებზე იერიშებს აძლიერებენ. ამ მოვლენებმა სუეცის არხისა და ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებას საფრთხე უკვე შეუქმნა.
პრობლემები შექმნა იმ ფაქტმაც, რომ გასულ კვირას ჰუსიტებმა საუდის არაბეთს საზღვაო ემბარგო გამოუცხადეს და წითელი ზღვის პორტ იანბუსკენ მიმავალ ნავთობსადენზე იერიში მიიტანეს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საუდის არაბეთი ნავთობის ნაწილის ტრანსპორტირებას ეგვიპტის გავლით ახორციელებს, რადგან სუეცის არხი სრულად დატვირთული სუპერტანკერებისთვის საკმარისად ღრმა არ არის.
ცნობისთვის, დამიეტას პორტი, რომელიც დრონების თავდასხმის ეპიცენტრში მოექცა, ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული კვანძია. ამ ტერმინალიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ხმელთაშუა ზღვის აუზისა და ევროპის ქვეყნებში ხორციელდება.




























