ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია უმრავლესობას მოიპოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
Oracle Advisory Group-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125-ადგილიან მილი მეჯლისში 63 ადგილს მოიპოვებს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 6478 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. არჩევნებზე 125 მანდატისთვის 990 კანდიდატი იბრძვის. საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების რაოდენობა 6 421 960 ადამიანს შეადგენდა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს 598 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობა 112 749 ადამიანს შეადგენს. ხმის მიცემა 19:00 საათზე დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.