ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოს ბანკის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ სომხურ Ameriabank-ს 105 მილიონი ევროს სესხი გამოუყო სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის.
ამ საკრედიტო შეთანხმების მიზანია, მხარი დაუჭიროს სომხეთში 400-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს და უზრუნველყოს 15,000-მდე სამუშაო ადგილის შენარჩუნება. EIB-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დაფინანსების მინიმუმ 20% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებისკენ, რაც სომხეთის ეკონომიკის მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა განვითარებას შეუწყობს ხელს.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ აღნიშნა: „მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ამერიაბანკთან, რათა გავაძლიეროთ სომხეთის კერძო სექტორი და ხელი შევუწყოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას.“
საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში, სესხის ნაწილი ადგილობრივ ვალუტაში გაიცემა, რათა ბიზნესები სავალუტო რისკებისგან დაცული იყვნენ. ევროკავშირის მხარდაჭერით, Ameriabank-ის მიერ გასაცემი სესხები დაბალი საპროცენტო განაკვეთით იქნება ხელმისაწვდომი.
„ამ მხარდაჭერით სომხეთის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSMEs), ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, გავაძლიეროთ სომხეთის კერძო სექტორი და შევუწყოთ ხელი ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრას, მათ შორის ადგილობრივ ვალუტაში. ეს დახმარება წარმოადგენს სომხეთისთვის განკუთვნილი ევროპის საინვესტიციო გეგმის (EIP) ნაწილს, რომელიც ყოვლისმომცველი ინიციატივაა და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მდგრადი განვითარების და კეთილდღეობის ხელშეწყობას. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ ამ ძალისხმევას და 2024-2027 წლებში „მდგრადობისა და ზრდის გეგმის“ ფარგლებში საერთო ჯამში 270 მილიონ ევროს გამოვყოფთ. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართება ბიზნესის განვითარებაზე, კერძოდ ტექნოლოგიების, სტარტაპების და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების მხარდაჭერაზე, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციას,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა სომხეთში, ვასილის მარაგოსმა.
სესხის დაფინანსება ამერიაბანკის ქსელის მეშვეობით მიეწოდება მცირე და საშუალო ბიზნესებს, რაც ხელს შეუწყობს მათ ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.
ამერიაბანკის ფინანსურმა დირექტორმა, ჰოვჰანნეს ტოროიანმა, აღნიშნა: „მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას მხარი დავუჭიროთ სომხეთის მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს პარტნიორობა ადგილობრივ ბიზნესებს სთავაზობს ხელმისაწვდომ დაფინანსებას, რაც სომხეთის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.“
Ameriabank-მა 2025 წლის იანვარში კიდევ ერთი საერთაშორისო დაფინანსების შესახებ განაცხადა, როდესაც ხელი მოეწერა 200 მილიონი დოლარის საკრედიტო შეთანხმებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC).
"საქართველოს ბანკის ჯგუფმა" სომხეთის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი Ameriabank-ი 2024 წელს შეიძინა.