„ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მსხვილი ევროპული კომპანიების საქართველოში შემოყვანაში დაეხმარება“, - ამის შესახებ ცნობილი ეკონომიკისა მინისტრ გიორგი ქობულიას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
“ბანკი დაგვეხმარება საქართველოში უცხოური კომპანიების შემოყვანაში, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის რეალიზაციაში გაგვიწევს დახმარებას, არამედ მათ ირგვლივ კიდევ უფრო განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი”, - აცხადებს ქობულია.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტურობის დანერგვის მიმართულებით.
კერძოდ, ბანკი ქართულ კომპანიებს როგორც - ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს, იმისთვის რომ საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება განხორციელდეს და ამის შედეგად, წარმოება ენერგოეფექტური გახდეს.
„ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბოლო ათი წლის მანძილზე თითქმის 200 მილიონი ევროს მხარდაჭერა განახორციელა საქართველოში. ჩვენ ამგვარ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. მეორე საკითხი იყო უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ევროპის საინვესტიციო ბანკი შეეცდება დაეხმაროს ქვეყანას ინვესტორების მოძიებაში და ასევე, უზრუნველყოს ასეთი ინვესტიციების მხარდაჭერა. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო ენერგეტიკა - ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოში სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტებს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება”, -განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.

























