„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მედიის და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთი, ფოთის საზღვაო ნავსადგური ეხმიანება ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ მოვლენებს და აკეთებს შემდეგ განცხადებას:
„ეიპიემ ტერმინალს ფოთს არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს კომენტარს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.
თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.
თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა“.

























